ილჰამ ალიევი: ჩვენთვის საქართველო ყველაზე ახლო მეგობარს, მეზობელს და პარტნიორს წარმოადგენს

“დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენი ურთიერთობები ვითარდება და მრავალ სფეროს მოიცავს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და წარმატებით ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში”, – ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრისას განაცხადა.
​მან პრემიერს საქართველოს მთავრობის მეთაურის თანამდებობის დაკავება მიულოცა და პირველი საგარეო ვიზიტით აზერბაიჯანში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.
“ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენ ბევრჯერ ყოფილხართ აზერბაიჯანში და სიამოვნებით ვიხსენებ თქვენთან გამართულ შეხვედრებს. მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პირველი საგარეო ვიზიტით აზერბაიჯანს ესტუმრეთ. ეს მოწმობს იმას, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ახლო მეგობრები და პარტნიორები არიან. ჩვენთვის საქართველო ყველაზე ახლო მეგობარს, მეზობელს და პარტნიორს წარმოადგენს. ჩვენ გვაკავშირებს ისტორია, გეოგრაფია და ჩვენი ურთიერთობების განვითარებისთვის ეს მნიშვნელოვანი ფაქტორებია. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენი ურთიერთობები ვითარდება და მრავალ სფეროს მოიცავს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და წარმატებით ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები წარმატებით ვითარდება და აზერბაიჯანი საქართველოსთვის სიდიდით ერთ-ერთი პირველი ინვესტორია. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა, განსაკუთრებით ნავთობის, გაზის, ტრანსპორტის სფეროში, გასცდა რეგიონულ ფარგლებს და საერთაშორისო დონეზე ავიდა. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ხალხთაშორის ურთიერთობებს. საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები და აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველები დიდ როლს ასრულებენ ამ ურთიერთობების განვითარებაში,” – განაცხადა ილჰამ ალიევმა.
​აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს “ზაგულბას” სასახლეში უმასპინძლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები