“თქვენ ვერასოდეს გაიგებთ ჩვენს სატკივარს კაბინეტებში ჯდომით, საჭიროა ასეთი ღია შეხვედრები“

საქართველოს პარლამენტის წევრი კარლო კოპალიანი, სახელმწიფო რწმუნებულის რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო -სვანეთში პირველი მოადგილე  დავით ღუდუმიძე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი და მერიის სხვადასხვა სამსახურების ხელმძღვანელები ლეუშერის, თეკალის,ჭველიერისა და საყდარის მოსახლეობას შეხვდნენ და მათ საჭიროებებს, გაკეთებულ და გასაკეთებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ერთად გაეცნენ.

პრობლემებში მოსახლეობამ გამოკვეთა სასმელი წყლის, ელექტროენერგიის გადამცემი ხაზების ,საექიმო მომსახურეობის გაუმჯობესების, სპორტული დარბაზებისა და საბავშვო ბაღის ფუნქციონირების თემები  .

“მოსახლეობასთან შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ მათ აქვთ დაგროვილი ისეთი პრობლემები,რომლებიც   ხელისუფლების წარმომადგენლებთან უშუალო კონტაქტით, მათი პირდაპირი ჩარევით უნდა გადაწყდეს,ასე უფრო მყისიერად ხდება პრობლემების მოგვარება გამომდინარე იქიდან, თუ რისი საშუალება აქვს თვითმმართველობას და რისი ცენტრალურ ხელისუფლებას,ეს შეხვედრები დაგეგმილია ყველა სოფელში,მისასალმებელია, რომ ეს არ ხდება წინასაარჩევნოდ,იგი  მხოლოდ ხალხის პრობლემების მოსმენის შინაარსის მატარებელია და პრობლემის მოგვარების კუთხით მუშაობაა”-განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი გაზდელიანმა.

ტარიელ მუკბანიანმა,სოფელ ჭველიერის მცხოვრებმა, აღნიშნა ,რომ დიდი ხანია სოფელ ჭველიერში წყალი არაა, გაკეთებულია სათავე ნაგებობა, ვერ მიაღწიეს იმას, რომ წყალი სოფლამდე მივიდეს , ეს მუნიციპალიტეტის მერიიის ინფრასტრუქტურის სამსახურის საქმეა და ისინი მეტი გულისხმიერებით უნდა მოეკიდონ მათზე დაკისრებულ მოვალეობას.

“ჩვენ მათ დავეხმარებით, ვიმუშავებთ მათთან ერთად სრულიად უსასყიდლოდ, რომ სახლში ონკანებში წყალი მივიღოთ,აი, სოფელი ჭველიერი იყოფა სამ ნაწილად და სამივე მიმართულებით შეიძლება წყალი გავანაწილოთ. ასეთი შეხვედრები აუცილებელია, რადგან თქვენ ოფისებსა და კაბინეტებში ვერასოდეს გაიგებთ ჩვენს სატკივარს, მე უნდა მივიდე ოფიციოზთან, ან ის უნდა მოვიდეს ჩემამდე,თუ მათ უნდათ გაიგონ სატკივარი სოფლად მცხოვრები ადამიანებისა, სწორედ ასეთ შეხვედრებზე უნდა ვილაპარაკოთ გულახდილად, ვიტყვით სატკივარს და ვნახავთ გზებს გადაწყვეტისას, შუამავლებისგან ვერასოდეს გაიგებენ სიმართლეს, რადგან თითოეული შუამავალი აკლებს სიმართლეს და ბოლომდე ის არ მიდის მთავარ ინსტიტუციებამდე“-ამბობს ტარიელ მუკბანიანი

ღია შეხვედრები ლენტეხის მუნიციპალიტეტში ხვალ გაგრძელდება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები