ყოფილი ქარხნის შენობაში თვითნებურად შესახლებული ოჯახები ფართების დაკანონებას ითხოვენ

ბათუმში, ერთ-ერთ ნაგებობაში უნებართვოდ შესახლებულმა 21-მა ოჯახმა საპროტესტო აქცია გამართა. ისინი იმ ფართების დაკანონებას ითხოვენ,  რომელშიც უკვე 7 წელია ცხოვრობენ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათ თხოვნაზე ხელისუფლებისგან დაპირება იყო, თუმცა დღემდე გაურკვეველ სიტუაციაში არიან.
ოჯახებს, რომელთა უმეტესი ნაწილი სოციალურად დაუცველია,  სხვაგან წასასვლელი არ აქვთ.

ლეილა აბაშიძე აღნიშნულ შენობაში 7 წელია ცხოვრობს. ის ოჯახთან ერთად ხელვაჩურის მუნიციპალიტეტიდან გადმოსახლდა. ამბობს რომ იქაც ქირით უწევდა ცხოვრება, მას შემდეგ რაც ქირის გადახდა ვერ შეძლო ნათესავების საცხოვრებელში ათენებდა ღამეს. ახლა კი იმ ფართის დაკანონებას ითხოვს, რომელშიც ცხოვრობს და შესაბამის უწყებებს დანაპირების შესრულებას სთხოვს.

“მინდა მივაწვდინო ხმა აჭარის მთავრობას, განცხადებები დაწერილია საცხოვრებელი ფართის დაკანონების შესახებ, თუმცა რეაგირება დღემდე არ მომხდარა. სხვა გზა არ გვქონდა, სხვა კონკრეტული მოთხოვნა არ გვაქვს“-ამბობს ლეილა აბაშიძე.

ამავე სახლში თვითნებურად შესახლებული დარეჯან შანთაძე მრავალშვილიანი მარტოხელა დედაა. მას ქმართან დაშორების შემდეგ სხვაგან წასასვლელი არ ჰქონდა. ის 7 წელია 4 შვილს მხოლოდ სოციალური შემწეობით მიღებული თანხით არჩენს.

“ერთ ოთახში ვცხოვრობ ოთხ შვილთან ერთად, აქ პირველად რომ მოვედი თითქმის შეუძლებელი იყო ცხოვრება, უბრალოდ ჭერი მინდოდა, თავშესაფარი. ოთახში წვიმა ჩამოდიოდა, შეძლებისდაგვარად მოვაწესრიგე. როდემდე მოვითხოვოთ მარტოხელა დედებმა და სოციალურად დაუცველებმა ამ ნაგებობის დაკანონება. ნუთუ არ მიიტანს გულთან არავინ ჩვენს გასაჭირს“- ამბობს დარეჯან შანთაძე.

მაყვალა ბერიძე  “რეგიონულ კვირასთან” საუბრისას ყვება, რომ სოფელ ახალშენში გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდა, მოუწია სახლიდან წამოსვლა და ცხოვრების თავიდან დაწყება. ის მმართველი გუნდისგან თითოეული აქ მყოფი ოჯახის სოციალური მდგომარეობის შესწავლას ითხოვს.

“იმ შემთხვევაში, თუ აქ ცხოვრება არ გვეკუთვნის პრეტენზიას არ გამოვთქვამთ, უბრალოდ ჩვენი მდგომარეობა შეისწავლონ და შემდეგ მიიღონ შესაბამისი ზომები. სად დავბრუნდე, სახლი, რომელშიც ვცხოვრობდი დანგრეულია, სოციალურად დაუცველი ვიყავი მაშინაც, ვერ შევძელი ქირით ცხოვრება“- აცხადებს მაყვალა ბერიძე.

აქციის მონაწილეებთან ერთად იმყოფებოდა უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეც, მან ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდა.

“იქნებ არავის ეკუთვნის, ან პირიქით-ყველას ეკუთვნის საცხოვრებელი ფართი, ხომ უნდა მვიდეს ხელისუფლების წარმომადგენლები და მოხდეს შესწავლა ოჯახების მდგომარეობის. ოჯახებმა შესაბამის უწყებებს განცხადებით მიმართეს, თუმცა მთავრობიდან მხოლოდ ერთი პასუხია-დაცალეთ შენობა და წადით იქ საიდანაც მოხვედით. დღეს ეს ადამიანები ასეთი ფორმით მიმართავენ ხელისუფლებას, იქნებ ამჯერად მაინც მოახდინონ რეაგირება “-ამბობს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე.

“რეგიონალურ კვირამ “აღნიშნულთან დაკავშირებით აჭარის ეკონომიკის სამინისტროს მიმართა, საიდანაც  წერილობითი პასუხი მივიღეთ.

“აჭარაში მოქმედებს სამთავრობო კომისია, რომელიც განიხილავს სახელმწიფოსა და აჭარის საკუთრებაში არსებული ქონების თვითნებურად დაკავების საკითხს. ბოლო ორი წლის განმავლობაში აღნიშნულმა კომისიამ 186 ოჯახს ქონება საკუთრებაში გადასცა. აღნიშნული კომისიის მთავარ კრიტერიუმს წარმოადგენს, რომ ქონების ფაქტობრივი მფლობელი უნდა იკავებდეს ქონებას 2010 წლამდე და დღემდე. კომისიას თამარის დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა მიმართა, თუმცა კომისიის კრიტერიუმებთან შეუსაბამობის გამო, ვერ მოხდა მათ საკუთრებაში ქონების რეგისტრირება. თამარის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას, მათ ვისაც არ წარმოუდგენიათ განცხადება, შეუძლიათ მიმართონ კომისიას, რომელიც დეტალურად განიხილავს მათ საკითხს და შესაბამისი კრიტერიუმების დაცვის საფუძველზე მოხდება გადაწყვეტილების მიღება“.- აღნიშნულია წერილში.

თამარის დასახლებაში ყოფილი ქარხნის შენობაში თვითნებურად შესახლებულები 2013 წლიდან ცხოვრობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები