„ანტიკური რომის ფერები. მოზაიკა კაპიტოლიუმის მუზეუმებიდან” – თბილისი უნიკალურ გამოფენას უმასპინძლებს
10 ოქტომბრიდან 10 დეკემბრამდე, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გამოფენა – „ანტიკური რომის ფერები. მოზაიკა კაპიტოლიუმის მუზეუმებიდან” – გაიმართება.
გამოფენა 9 ოქტომბერს, 18:30 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმში გაიხსნება და მის გახსნას საქართველოს ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან.
როგორც „კვირას“ საქართველოში იტალიის საელჩოდან აცნობეს, გამოფენა იმართება იტალიური კულტურული ღონისძიებების ფარგლებში, რომლებიც საქართველოს დედაქალაქში იტალიის საელჩოსა და საქართველოს მთავრობას შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად ხორციელდება.
ექსპოზიცია ჩართულია იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მიერ დაფინანსებულ პროგრამაში Vivere ALL’italiana, რომლის ფარგლებში საელჩომ მრავალი მაღალი დონის კულტურული ღონისძიება წარმოადგინა.
ხსენებული ექსპოზიცია ხორციელდება Roma Capitale-ს (იტალიის დედაქალაქის მუნიციპალური ტერიტორიის) კულტურის განვითარების ხელშეწყობის სამსახურისა და კაპიტოლიუმის კულტურული მემკვიდრეობის ზედამხედველობის დეპარტამენტის საქმიანობის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და პოპულარიზაციას.
„ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ვრცელი და დეტალური საილუსტრაციო მასალა და ტაბლეტზე ჩატვირთული მულტიმედიური გზამკვლევი ხელს უწყობს მოზაიკის სხვადასხვა ტიპისა და ტექნიკის, ასევე, ნამუშევრის კომპოზიციური სქემისა და იმ მრავალიცხოვანი დეკორატიული ელემენტის უკეთ აღქმას, როგორიცაა: გეომეტრიული თუ ფოთლოვანი ორნამენტები, მითოლოგიური ეპიზოდები და პერსონაჟები, რეალური ცხოვრებიდან აღებული თუ სიმბოლური დატვირთვის მქონე სცენები.
გამოფენის იმერსიული მოწყობა, რომელიც კომპანია Ebag-მა განახორციელა, მნახველს შესაძლებლობას აძლევს, შეიგრძნოს რომაული საცხოვრებლის ატმოსფერო და უკეთ დაინახოს, თუ როგორ იყო განლაგებული ძველად ის მოზაიკა, რომელიც ამჟამად თბილისშია წარმოდგენილი.
შერჩეული ნამუშევრები, რომელთა შორისაა იატაკისა და კედლის უძველესი მოზაიკის ნიმუშები, წარმოადგენს კაპიტოლიუმის უაღრესად პრესტიჟული კოლექციის ნაწილს, რომელიც იქმნებოდა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოდან მეოცე საუკუნის პირველ წლებამდე. ნამუშევრები მას შემდეგ შეგროვდა, რაც რომი იტალიის სამეფოს ახალ დედაქალაქად გამოცხადდა (1870წ.) და ქალაქში მასშტაბური მშენებლობები და გათხრები დაიწყო, რომლის დროსაც დიდი რაოდენობით არტეფაქტი იქნა აღმოჩენილი“, – აცხადებენ ორგანიზატორები.
ექსპოზიცია, რომელიც ბულგარეთსა და სომხეთშიც გაიმართა, კომპანია Glocal Project Consulting-ის საორგანიზაციო მხარდაჭერით ხორციელდება. გამოფენის სამეცნიერო ასპექტებს კურირებს კაპიტოლიუმის კულტურული მემკვიდრეობის ზედამხედველობის დეპარტამენტი, გამოფენის კურატორები კი კლაუდიო პარიზი პრეზიჩე და ნადია ანიოლი არიან.
რომის მერის, ვირჯინია რაჯის თქმით, „ყოველთვის დიდი პატივია, წარმოვადგინოთ ერის იდენტობა და სილამაზე. კაპიტოლიუმის მუზეუმებში დაცული მოზაიკა, რომელიც თბილისში წარდგება, ჩვენი წარსულის ხელშესახები კვალი და მემკვიდრეობის ნაწილია. ჩვენ ამ მემკვიდრეობაზე უნდა ვიზრუნოთ და დავიცვათ, რათა მომდევნო თაობებს შევუნახოთ. მოზაიკის თითოეული ფილა განსხვავდება ზომით, ფორმითა და ფერით, მაგრამ ამ ფილების ერთობლიობა ანტიკურ ხანასა და ჩვენს წარსულზე მოგვითხრობს და დამთვალიერებელს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, ჩვენი ქალაქის მდიდარ და გასაოცარ ისტორიას გაეცნოს”.
“მოზაიკა დიპლომატიას ჰგავს, მეგობრობის განმტკიცებისა და ახალი თანამშრომლობის განვითარებისთვის ქვეყნებს შორის ურთიერთობათა განსხვავებული ასპექტების თავმოყრის ხელოვნებას. #VivereALL’italiana-ს მიზანია, ჩვენს მეგობრებს ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი რამ გავუზიაროთ: სილამაზე, კულტურა, ცოდნა, უძველესი ფასეულობები და ანტიკური საგანძური – ის ყველაფერი, რაც მომავალს უყრის საფუძველს”, – განმარტავს იტალიის ელჩი ანტონიო ბარტოლი.
გამოფენაზე წარმოდგენილია რომში აღმოჩენილი 21 მოზაიკა, რომლებიც ძვ.წ.აღ.II – ჩვ.წ.აღ.IV საუკუნეებით თარიღდება. ეს ნამუშევრები ზედმიწევნით ზუსტად ასახავს მოზაიკის ტექნიკის განვითარების ეტაპებს და ოსტატების შემოქმედებით თუ საშემსრულებლო უნარებს. გარდა ამისა, ამ ნამუშევრებში ნათლად ჩანს, თუ როგორ იცვლებოდა დამკვეთების გემოვნება და მოდა რომის რესპუბლიკური ხანიდან გვიანდელი იმპერიის პერიოდამდე.
მოზაიკა ფართოდ გავცელებული ხელოვნება გახლდათ და გამოიყენებოდა რომის შეძლებული და საშუალო ფენის მოქალაქეთა საცხოვრებლების კედლებისა და იატაკის მოსართავად, ასევე, ამშვენებდა საზოგადოებრივ თუ დასაკრძალავ ნაგებობებს. ამიტომაცაა, რომ მოზაიკა ასახავს ანტიკური რომის საზოგადოებასა და მის წეს-ჩვეულებებს. დახვეწილი ორნამენტებით და მდიდარი დეკორით შემკული მოზაიკა გვაფიქრებინებს იმდროინდელ “გლობალიზებულ სამყაროზე”, რომელშიც ერთი და იგივე მოდელი ერთმანეთისგან ათასობით კილომეტრით დაშორებულ ადგილებში გამოიყენებოდა. დამთვალიერებელს შესაძლებლობა ეძლევა, იხილოს ყველანაირი ტექნიკის ნიმუში და მრავალფეროვანი დეკორატიული მოტივები, აღმოაჩინოს ანტიკური ხელოვნების სიახლოვე თანამედროვე ხელოვნებისა და გრაფიკული დიზაინის კონცეფციებთან.