საფრანგეთის შს მინისტრი: ტერორისტული საფრთხე ქვეყანაში მაღალია
საფრანგეთის ტერიტორიაზე ტერორისტული საფრთხის დონე მაღალია, – ამის შესახებ ქვეყნის შს მინისტრმა კრისტოფ კასტანერმა 3 ოქტომბერს სამართალდამცველებზე მომხდარი თავდასხმის კომენტირებისას განაცხადა.
“დღესდღეობით საფრანგეთში ტერორისტული საფრთხე მაღალ, ან ძალიან მაღალ ნიშნულზე რჩება”, – აღნიშნა ფრანგმა მინისტრმა France Inter-თან საუბარში.
მისი თქმით, 2015 წლიდან ქვეყანაში 59 ტერაქტის არიდება მოხერხდა, მათგან 3 იყო მიმდინარე წელს. მისივე თქმით, ამ ეტაპზე არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ თავდამსხმელს თანამზრახველები ჰყავდა.
კასტანერმა მის გადადგომასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გაჟღერებულ მოწოდებას უპასუხა და აღნიშნა, რომ მომხდარში საკუთარ თავს “პასუხისმგებელ” პირად არ მიიჩნევს.
3 ოქტომბერს პარიზის პრეფექტურის პოლიციის პროგრამისტმა დანით კოლეგებს დაესხა თავს. 45 წლის მიკაელ არპონი უწყებაში 1993 წლიდან მუშაობდა.
თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. მოგვიანებით საფრანგეთის პროკურატურაში განაცხადეს, რომ თავდამსხმელი რადიკალური ისლამის მიმდევარი იყო.