ლევან კობიაშვილი: ხელახლა გასაკეთებელი არაფერია, მშენებლობა გაგრძელდება და ზუგდიდში სტადიონი აშენდება

ხელახლა გასაკეთებელი არაფერია, მშენებლობა გაგრძელდება და ზუგდიდში სტადიონი აშენდება,- ასე გამოეხმაურა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი ზუგდიდში, ენგურ-ქაღალდ კომბინატში უეფას სტანდარტების სტადიონის დროებით შეჩერებულ მშენებლობას.
“საერთო ჯამში ეს იყო ორ ნაწილად დაგეგმილი, არაერთხელ გამომითქვამს ჩემი მწუხარება, როგორ ვერ განვითარდა და ამდენი ხანი იყო გაჩერებული. ვის გამო მოხდა ეს ყველაფერი ჩემი საქმე არ არის, ჩემთვის მთავარია, რომ მშენებლობა გაგრძელდა და აშენდება სტადიონი ზუგდიდში. ხელახლა არაფერია გასაკეთებელი,რაც გამოიყო ტენდერი ეს არის მეორე ნაწილი, იცით, რომ ორი მოედანი შენდება. ამ კონკრეტულ ნაწილში არის საუბარი, დამატებით მოედანზე, რომელის ტრიბუნა  1000-ზე მეტ მაყურებელზე იქნება გათვლილი“, -განმარტა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.

ზუგდიდში, ენგურ-ქაღალდ კომბინატის ტერიტორიაზე არსებული საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა რომელიც 2019 წლისთვის უნდა დასრულდებულიყო, გადავადდა პროექტში შესული კორექტირებების გამო და სავარაუდოდ 2020 წლისთვის უნდა დამთავრდეს.
სტადიონის დასრულების და ახალი, ხელოვნურსაფარიანი სათადარიგო სტადიონის მშენებლობაზე ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა.
დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში მონაწილეობა ერთმა კომპანიამ – შპს “მაკრო ქონსთრაქშენმა” მიიღო. მან 9 მილიონ 900 ათასი ლარი შესთავაზა ფონდს სამუშაოების შესასრულებლად, თავდაპირველად განსაზღვრული 10 მილიონ 548 ათას 180 ლარის ნაცვლად. დაგეგმილია მთავარ სტადიონზე ბალახის საფარის დემონტაჟი და ახლის მონტაჟი, ტრიბუნების გადახურვა, მოედნის განათების მოწყობა, შიდა და გარე საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობა და კეთილმოწყობის სამუშაოები.
რაც შეეხება სათადარიგო სტადიონს, აქ 1200 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა მოეწყობა. იქნება ხელოვნურსაფარიანი მოედანი, გასახდელები და დამხმარე სათავსოები, ვენტილაციისა და გათბობა-გაგრილების სისტემები. დამონტაჟდება მოედნის სარწყავი და სადრენაჟე სისტემა, განათება. ამასთან, განხორციელდება შიდა და გარე საინჟინრო კომუნიკაციების და კეთილმოწყობის სამუშაოები.
სულ ამისთვის 20 მილიონი ლარი გამოიყო. მთავარი სტადიონი დაახლოებით 7 300 მაყურებელზეა გათვლილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები