ჭიათურის სოფლებში მცხოვრებთა პრობლემებს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ადგილზე გაეცნენ

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. გუბერნატორმა დღეს შეხვედრები ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ქვაციხეში, ბიღაში, რცხილათსა და ჯოყოეთში გამართა. შეხვედრებზე ასევე იმყოფებოდნენ ჭიათურის მერი – გივი მოდებაძე და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე – თამარ გაბუნია. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ  მოსახლეობის პრობლემებსა და საჭიროებებს. ადგილობრივების თქმით, ძირითად პრობლემას ამბულატორია და ტყეკაფი წარმოადგენს.

“ამ ტიპის შეხვედრები ძალიან კარგია, რადგან ადამიანს პირადად როცა ხვდები, უფრო მეტს იგებ, უფრო მეტ სატკივარს იგებ. რა თქმა უნდა, არის სოფელში პრობლემები. მე, როგორც ექიმი, ვიტყვი, რომ ამბულატორიაში არის ინფრასტრუქტურის და ინტერნეტის არ არსებობის პრობლემა. საკრებულოს შენობაში ვართ, საჭიროა მოხდეს ამ შენობის რეაბილიტაცია, ინვენტარიზაცია და ჩვენი პრობლემაც გადაჭრილი იქნება. დღევანდელ შეხვედრაზე მოვისმინეთ პასუხი ჩვენს პრობლემაზე და დაგვპირდნენ, რომ ნოემბრიდან მოევლება ამ პრობლემას და იმედი მაქვს ასეც იქნება და ეშველება ხალხსაც”, – ამბობს სოფელ ქვაციხის მკვიდრი კახაბერ ბრეგვაძე.

მხარის რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ადგილობრივების მიერ დასახელებულ პრობლემებს ეხმიანება და ამბობს, რომ ტყეკაფის პრობლემის გადაჭრას დამატებით 200 კუბის ტყეკაფის გამოყოფით აპირებენ, ამბულატორიისას კი ნოემბრიდან, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრი მიაქცევს ყურადღებას.

“ჭიათურის მაღალმთიან სოფლებში ზამთრის მოახლოებასთან ერთად გააქტიურდა ტყეკაფის და შეშის პრობლემა, ვცდილობთ დავეხმაროთ სოფელ ბიღას მოსახლეობას სატყეო დეპარტამენტთან შეთანხმებით. მათთვის დამატებით 200 კუბის ტყეკაფი გამოიყოფა.რაც შეეხება ამბულატორიების პრობლემას, ნოემბრიდან სოფლის ექიმები გადადიან გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის დაქვემდებარებაში, შესაბამისად, მათი საკურატორო თემა იქნება და ისინი განკარგავენ რა და როგორ გაკეთდეს”, – აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.

ადგილობრივების თქმით, მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხს, ასევე, ჯანდაცვის სფერო და უფასო მედიკამენტბის მიღება წარმოადგენს. მათივე თქმით, არიან ისეთები, ვინც უკვე ისარგებლა ამ პროგრამით, თუმცა ზოგიერთ მათგანს პრობლემები შეექმნა. აღნიშნულ თემაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია პასუხობს. გაბუნიას განმარტებით, აღნიშნული პრობლემა ჯანდაცვის სამინისტროსთვის ცნობილია და უწყება მის გამოსწორებაზე მუშაობს.

“განსაკუთრებით საინტერესო მოსახლეობისთვის არის ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა, ბევრმა უკვე მიიღო და კმაყოფილია, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში შეიქმნა შეფერხება კონკრეტული დასახელების მედიკენტებზე. ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს ამ საკითხზე. ვფიქრობ, მალე გვექნება ისეთი მექანიზმი, რომელიც აღმოფხვრის ამ ადმინისტრაციულ ბარიერებს”, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები