„ტაქსის კომპანიის მანქანაზე გადავედი, დღეში მათ 85 ლარს ვუხდი, სახლში მიმაქვს 15“- ტაქსის მძღოლი
ტაქსის მძღოლი თამარ ბეროზაშვილი აცხადებს, რომ რეგულაციების ამოქმედების შემდეგ მისი მდგომარეობა გაუარესდა. საკუთარი მანქანით ვეღარ მუშაობს და იძულებული გახდა, ერთ-ერთ კომპანიაში გადაენაცვლებინა.
„საკუთარი მანქანით ვმუშაობდი და ახლა ვეღარ ვმუშაობ მანქანის ფერის გამო. გადავედი კომპანიის მანქანაზე. პროცენტმა მოიმატა. ფაქტობრივად, ვმუშაობ კომპანიაზე, 40 ლარია მანქანის გადასახდი, 30 საწვავის, 15 ლარი პროცენტის, გამოვიდა დღეში 85 ლარი. მთელი დღე უნდა ვიმუშაო მარტო მათთვის, 85 ლარი უნდა ვუხადო კომპანიას და ფაქტობრივად, სახლში წავიღო 15 ლარი, გუშინ ასე იყო.
არ მინდოდა მანქანის ფერის შეცვლა. არ მიღირს. დაზიანდება მანქანა“- განაცხადა ბეროზაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას.
ტაქსისტ გიორგი ბერიკაშვილის თქმით, რეგულაციების ამოქმედების შემდეგ დედაქალაქში ტაქსების დეფიციტი შეიქმნა, გაიზარდა მოთხოვნაც და მგზავრობის ფასებიც.
„მე გადავღებე მანქანა. მაგრამ, მე აქ მოვიტანე ჩემი თანამშრომლების, ტაქსის მძღოლების აზრი და მინდა, ეს ბატონ კახი კალაძეს მივაწვდინო. ხალხი გაუსაძლის მდგომარეობაშია. მანქანები ქირით ჰყავთ, ქირით ცხოვრობენ. მათი მუშაობის გაჩერება ოჯახების დაღუპვის ტოლფასია. მინდა ვთხოვო, რაღაც პერიოდით, რეგულაციების გადავადება გააკეთონ ამ ხალხისთვის. ხალხის აზრი ცუდად მოუტრიალდებათ, რასაც ყოველდღე ვისმენ ტაქსის მძღოლებისგან“,- განაცხადა ბერიკაშვილმა.
ტაქსისტებთან ერთად განცხადება „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა გააკეთა. ჩხარტიშვილი ტაქსის მძღოლებს მოუწოდებს, ახალი საპროტესტო გამოსვლებისთვის მზადება დაიწყონ. როგორც ლაშა ჩხარტიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ახალმა რეგულაციებმა ტაქსის მძღოლების მდგომარეობა დაამძიმა.
ჩხარტიშვილი მძღოლებს დამოუკიდებელი პროფკავშირის შექმნასაც სთავაზობს.
ცნობისთვის, ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი, რომელიც ტაქსების A და B კატეგორიებად დაყოფას ითვალისწინებს, პირველ ოქტომბერს ამოქმედდა.
A კატეგორიის თეთრი ფერის ტაქსის მძღოლებს უფლება აქვთ, მგზავრები ქუჩაში აიყვანონ. ამ კატეგორიის ტაქსებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩასა და უბანში, ყოველგვარი გადასახადის გარეშე ისარგებლონ უფასო პარკინგით. A კატეგორიის ტაქსებს ასევე შეუძლიათ ავტომობილზე სარეკლამო ბანერების განთავსება.
A კატეგორიისგან განსხვავებით, მხოლოდ კომპანიებთან თანამშრომლობისა და გამოძახებით მუშაობის უფლება აქვთ B კატეგორიის ტაქსის მძღოლებს.
მანქანის ფერთან და საჭესთან დაკავშირებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, A კატეგორიის ტაქსებისთვის ჯარიმები ამოქმედდა.
მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებს უფლებას აქვთ, B კატეგორიაში გააგრძელონ მუშაობა 2021 წლის პირველ იანვრამდე.
თამუნა შეყილაძე