უკრაინის პროკურატურამ, ტრამპის თხოვნის კვალდაკვალ, ჯო ბაიდენის შვილთან დაკავშირებული საქმეების გადახედვა დაიწყო
აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, პრეზიდენტობის კანდიდატის ჯო ბაიდენის შვილი ხანტერ ბაიდენი და მისი კომპანია Burisma, შესაძლოა, 15 სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებდეს.
ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა რუსლან რიაბოშაპკამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ბაიდენ-უმცროსის გარდა, საქმესთან კავშირში, შესაძლოა, აღმოჩნდნენ ეკოლოგიის ექს-მინისტრი ნიკოლაი ზლოჩევსკი და ოლიგარქი სერგეი კურჩენკო.
მისი ინფორმაციით, პროკურატურამ დახურული საქმეების გადახედვა დაიწყო. რიაბოშაპკამ აღნიშნა, რომ აუდიტი გრძელდება და საქმეების რაოდენობა, შესაძლოა, შეიცვალოს.
ხანტერ ბაიდენი უკრაინაში ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო გაზის კომპანიის Burisma Group -ის დირექტორთა საბჭოს წევრი იყო.
Burisma Group-ის და კერძოდ ხანტერ ბაიდენის საქმიანობის შესწავლა, უკრაინის ამჟამინდელ პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 25 ივლისს სატელეფონო საუბრის დროს სთხოვა, რაც აშშ-ში ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების მიზეზი გახდა.
3 ოქტომბერს კი, ტრამპმა ზელენსკის პირდაპირ მოუწოდა: “ზელენსკის ადგილას, მე, საქმის გამოძიებას დავიწყებდი”.
აღსანიშნავია, რომ ჯო ბაიდენი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატია. ამერიკელები მომდევნო პრეზიდენტს 2020 წლის ნოემბრის პირველ კვირას აირჩევენ.