უკრაინის სამი ტელეარხის მფლობელი ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებით დაიკითხა
უკრაინული ტელეარხების “112 უკრაინა”, NewsOne და ZIK-ის მფლობელი, პარტია “ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის” წევრი ტარას კოზაკი ქვეყნის საგამოძიებო უწყებაში დაკითხეს.
ამის შესახებ კოზაკმა “112 უკრაინას” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მას ბრალს უყენებენ ტერორიზმის დაფინანსებაში, ასევე უკანონო თანხების ლეგალიზებაში.
“დამკითხეს სამი მუხლით. ერთი მუხლია – ტერორიზმი, მეორე – ტერორიზმის დაფინანსება და მესამე – უკანონო გზით მოპოვებული თანხების ლეგალიზება”,-აღნიშნა კოზაკმა.
მისივე თქმით, დაკითხვის დროს გამომძიებლები რუსეთთან ტელეხიდის ორგანიზების საკითხითაც დაინტერესდნენ.
უკრაინის ტელემაუწყებლის შესახებ ეროვნულმა საბჭომ ტელეარხის “112 უკრაინას” სტრუქტურაში შემავალ ექვსიდან ხუთ ციფრულ მაუწყებელს ლიცენზია არ გაუგრძელა. “NewsOne-თან” დაკავშირებით რეგულატორმა ლიცენზიის ჩამორთმევის გადაწყვეტილება მიიღო, “ZIK-ში” კი, არაგეგმიური შემოწმება დაინიშნა.