რომის პაპმა ვატიკანში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს უმასპინძლა

რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს უმასპინძლა.

შეხვედრასთან დაკავშირებით ვატიკანში ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მორგან ორტაგუსმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ შეხვედრაზე მხარეებმა მსოფლიოში რელიგიური თავისუფლების უზრუნველსაყოფად ერთობლივი მოქმედების მზაობა გამოთქვეს. პირველ რიგში აღნიშნული, ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანული თემების წარმომადგენლების დაცვას შეეხება.

მისივე თქმით, პონტიფიკოსმა და სახელმწიფო მდივანმა განიხილეს “აშშ-ის და ვატიკანის ძალისხმევა, რომელიც გლობალურ დონეზე ადამიანების უფლებების დაცვას და დემოკრატიის განმტკიცებას ემსახურება”.

პომპეო რომში ევროპის ტურნეს ფარგლებში იმყოფება.

2 ოქტომბერს სახელმწიფო მდივანმა შეხვედრა იტალიის პრეზიდენტთან სერჯო მატარელასთან, პრემიერ-მინისტრთან ჯუზეპე კონტესთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან ლუიჯი დი მაიოსთან გამართა.

ექვსდღიანი ტურნეს ფარგლებში, აშშ-ის პირველი დიპლომატი ასევე მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას და საბერძნეთს ეწვევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები