მოლაპარაკებები გაგრძელდება ჟენევის საერთშორისო კონფერენციაზე – ერგნეთში ტექნიკური შეხვედრა დასრულდა
ერგნეთში მე-5 ტექნიკური ხასიათის შეხვედრა დასრულდა, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები კვლავ უარს აცხადებენ წაღვლი – ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე შეწყვიტონ უკანონო ქმედებები და ისინი მოითხოვენ, რომ ქართული პოლიციის სტანდარტული საგუშაგო, რომელიც არის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მოიხსნას.
აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები კი ჟენევის საერთშორისო კონფერენციაზე გაგრძელდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ანთაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
“ჩვენ კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით, სამწუხაროდ ცხინვალელი მონაწილეები კვლავ არ აღმოჩნდნენ მზად კონსტრუქციული დიალოგისთვის, ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ წაღვლი – ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყის მასივში შეწყდეს ყოველგვარი უკანონო აქტივობა, რაც წარმოადგენს დაძაბული სიტუაციის განმაპირობებელ ფაქტორს. მათ საპირისპიროდ გააჟღერეს უკვე არა ერთგზის დეკლარირებული პოზიცია, რომ ქართული პოლიციის სტანდარტული საგუშაგო უნდა მოიხსნას და დატოვოს ტერიტორია, რაც მიუღებელია, აღნიშნული საგუშაგო მდებარეობს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ამ საკითხზე დისკუსიები გაგრძელდება ჟენევის საერთშორისო კონფერენციაზე. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უკანონო აქტივობებზე, აქ იგულისხმება ნებისმიერი სახის უკანონო აქტივობა, რაც ხელს უწყობს ადგილზე არასტაბილური სიტუაციის შენარჩუნებას. ერთადერთი წინაპირობა, რომ მოხდეს ადგილზე სიტუაციის დეესკალაცია, არის ის, რომ აუცილებლად აღნიშნული ტერიტორია უნდა გაიწმინდოს ყოველგვარი უკანონო ესკალაციებისაგან და მიეცეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ადგილზე სრულფასოვანი მონიტორინგის განხორციელების საშუალება, და რა თქმა უნდა, ქართული პოლიცია უზრუნველყოფს ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის უსაფრთხოებას”,- აცხადებს ანთაძე.
შეხვედრაზე ასევე განხილული იყო ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვის საკითხი, თუმცა დე ფაქტო ხელისუფლება არ ასახელებს თარიღს, თუ როდის გახსნის ე.წ. გამშვებ პუნქტს.
ირაკლი ანთაძის განცხადებით, აღნიშნული პუნქტების ფუნქციონირება ემსახურება ადგილობრივი მოსახლეობისთვის ნორმალური საცხოვრებელ პირობების არსებობას და ქართული მხარის პრინციპული პოზიციაა, რომ გაიხსნას პუნქტები.
მოლაპარაკებები გაგრძელდება ჟენევის საერთშორისო კონფერენეციაზე.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პუნქტების გამო 4 სექტემბრის მერე ახალგორში გადაადგილება შეზღუდულია და ადგილზე იქმნება ჰუმანიტარული პრობლემები.
“დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგნელებმა ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვა თავიდანვე დაუკავშირეს ჩორჩანას ტყეში მიმდინარე პროცესებს, აქაც დაფიქსირდა ცენტრალური ხელისუფლების პრინციპული პოზიცია, რომ აღნიშნული პუნქტების ფუნქციონირება ემსახურება ჰუმანიტარულ საკითხს და იგი უკავშირდება იმას, რომ ადგილობრივ მოსახლეობას მიეცეს ნორმალური ცხოვრების საშუალება. სამწუხაროდ, გამშვები პუნქტების გახსნასთან დაკავშირებით პასუხი არ იქნა მიღებული და ეს საკითხი კვლავ გაგრძელდება ჟენევის საერთშორისო მოლაპარაკებებზე”,- აცხადებს ანთაძე.
ასევე, ხვალ ერგნეთში ჩანიშნული იყო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი გეგმური შეხვედრა, რაც ოსურმა მხარემ ჩაშალა და შეხვედრა აღარ გაიმართება. თუმცა ირაკლი ანთაძის განცხადებით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ტექნიკური შეხვედრები ერგნეთში არ გაგრძელდება. აღნიშნული თემა ასევე განხილული იქნება ჟენევის საერთშორისო კონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რომ 29 აგვისტოს ოსურმა მხარემ ერგნეთის შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა და ქართულ მხარეს ულტიმატუმიც წაუყენა, რომ სოფელ ჩორჩანასთან საპოლიციო საგუშაგო აეღო, რის შემდეგაც 30 აგვისტოს მორიგი შეხვედრა შედგა, მხარეები ვერ შეთანხმდნენ. ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ ბლოკპოსტი არსებულ ლოკაციაზე დარჩება, დე ფაქტო ხელისუფლებამ კი ჩორჩანას ტერიტორიაზე 2 საგუშაგო განათავსა, ასევე, მას შემდეგ 1300 მეტრით არიან შემოჭრილი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, რასაც ადასტურებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ქართული მხარის მოთხოვნა, რომ მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის აღებული იქნას სასაზღვრო საგუშაგოები, არ სრულდება. ასევე, არ სრულდება დე ფაქტო ხელისუფლების მოთხოვნა ქართული პოლიციის სტანდარტული საგუშაგოს აღების შესახებ. უკვე მე-5 ტექნიკური შეხვედრა შედგა და მხარეები კვლავ ვერ აღწევენ შეთანხმებას.
ასევე შეგახსენებთ, რომ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვარო ხაზზე არსებული 2 გადამკვეთი პუნქტი, ოძისი და სინაგური რჩება დაკეტილი 2019 წლის 4 სექტემბრის 20:00-ის შემდგომ. სამხრეთ ოსეთის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები მათ დაკეტვას ჩორჩანა-წნელისის რაიონში მიმდინარე მოვლენებს უკავშირებენ.