ირაკლი კოვზანაძე: „2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 800 მლნ ლარით იზრდება, რომელიც მიმართული არის საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობისათვის და უკეთესი ცხოვრებისათვის”

საქართველოს პარლამენტი 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის განხილვას იწყებს, რომელიც ბიუროს სხდომაზე დღეს დარეგისტრირდა.

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განმარტებით, საპარლამენტო კომიტეტები დოკუმენტის განხილვას მიმდინარე კვირის ბოლოდან დაიწყებენ ხოლო პირველი შემაჯამებელი სხდომა კი 18 ოქტომბერს გაიმართება.

„არაუგვიანეს 20 ოქტომბრისა პირველ შენიშვნებს, კომენტარებს წინადადებებს, ბიუჯეტის პირველად ვერსიაზე, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით, უკვე უზრუნველყოფს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, რათა გადაეგზავნოს მთავრობას. დოკუმენტში ასახული იქნება ნებისმიერი ჩვენი წინადადება, სურვილი, შენიშვნა თუ რეკომენდაცია, რაც ამ ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს”, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

მისი განცხადებით, პარლამენტის საბიუჯეტო პროცესი დეკემბრის ბოლოს დასრულდება.

„ჩვენ საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი გვაქვს იმისთვის, რომ მთლიანად, საბიუჯეტო პროცესი და ბიუჯეტი შევაფასოთ. პარლამენტში გადამუშავებული ვერსია რამდენჯერმე შემოვა. ბიუჯეტს საბოლოო სახით, დეკემბრის ბოლოს მივიღებთ”, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

მისი განმარტებით, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, სახელმწიფო ასიგნებები განსაზღვრულია თითქმის 14 მილიარდ 200 მილიონის ფარგლებში, რომელიც 800 მილიონით მეტია, ვიდრე 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებებითაა განსაზღვრული.

„სხვაობა არსებულ ბიუჯეტებს შორის თითქმის 800 მილიონია, რომელიც მიმართული არის საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობისათვის და უკეთესი ცხოვრებისათვის. ეს თანხები ძირითადად მიმართულია პენსიების გასაზრდელად, სხვადასხვა მიმართულებით პედაგოგების, ჯარისკაცების, პოლიციელების ხელფასების, გასაზრდელად, ასევე, ჯანდაცვისთვის და ზოგადად, საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობისთვის და უკეთესი ცხოვრებისთვის”, – განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები