თამარ ხულორდავა რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაზე: რუსეთი რომ ოკუპაციას არ აღიარებს, ეს მე მგონი, სიახლე ჩვენთვის არ უნდა იყოს

რუსეთი რომ ოკუპაციას არ აღიარებს, ეს მე მგონი, სიახლე ჩვენთვის არ უნდა იყოს, არ უნდა გაგვიკვირდეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში თუნდაც, ეს ფრაზა,- ასე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მეტი დიალოგია საჭიროა, უნდა ელაპარაკო მასაც, ვინც მთავარ პრობლემას გიქმნის.

„დანარჩენი არის მოლაპარაკების საკითხი. ჩვენ შორის აზრთა სხვადასხვაობა ბევრია, მაგრამ სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ჩვენ შორის მეტი დიალოგია საჭიროა, უნდა ელაპარაკო მასაც, ვინც მთავარ პრობლემას გიქმნის. ნებისმიერი ნაბიჯი მისასალმებელია, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი საზოგადოების მდგომარეობის გაუმჯობესებას – მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი საზოგადოების, სიტუაციის დეესკალაციას. იცით, რომ მუდმივად ესკალაციის საფრთხე გვაქვს საოკუპაციო ხაზთან, ნებისმიერი ასეთი ნაბიჯი არ ნიშნავს პრობლემის მოგვარებას, დეოკუპაციას, მაგრამ ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის,“- განაცხადა თამარ ხულორდავამ.

მისივე თქმით, საბოლოო ჯამში დიალოგი უფრო ღრმა საკითხებზეც უნდა გადავიდეს და მოლაპარაკების მიზანი უნდა იყოს ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ საკითხის გადაწყვეტა.

„ჩვენს ინტერესებში არ შედის, იმ სიტუაციის შენარჩუნება, რომელიც დღეს გვაქვს, ოკუპირებული ტერიტორიები, ამ ტერიტორიების სრული იზოლაცია, ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც დევნილად არიან საკუთარ ქვეყანაში ქცეული და ვერ ბრუნდებიან საკუთარ სახლებში და 24 საათიანი რისკის ქვეშ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები საოკუპაციო ხაზს იქით. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს სიტუაცია გადავჭრათ,“- განაცხადა თამარ ხულორდავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები