ნათია თურნავა: პროგრამის „აწარმოე საქართველოში” მიზნობრიობა გამკაცრდება

„2020 წლის ბიუჯეტში პროგრამის „აწარმოე საქართველოში” ფარგლებში, გაგრძელდება მცირე ბიზნესის მხარდაჭერა ყველა ფინანსური და არაფინანსური ინსტრუმენტის ჩათვლით. პროგრამის კომპონენტების მიზნობრიობა გამკაცრდება, ხოლო ეფექტიანობა გაიზრდება”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ უფრო მეტი სახელმწიფო ქონება ჩაერთოს ეკონომიკაში და ამით ეკონომიკურ ზრდას დაჩქარებას შეეწყოს ხელი.

„პრემიერ-მინისტრისგან დავალება გვაქვს მიღებული, რომ გავაძლიეროთ ეფექტური მართვა, გავხადოთ უფრო მიზნობრივი, მეტად ადრესირებული საჭიროებებზე, გამოვყოთ კონკრეტული დარგობრივი პრიორიტეტები – ამ დახმარების ძირითადი ადრესატი უნდა იყოს მცირე ბიზნესი,” – განაცხადა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავამ ბიზნესის ხელშეწყობის კიდევ ერთ პროგრამაზე გაამახვილა ყურადღება. საუბარია ბიზნესის განვითარებაზე ორიენტირებული ყველა სერვისის ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნაზე.

„ყველა ეს პროგრამა, რაც არსებობს ჩვენი სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში, ერთიან ელექტრონულ პლატფორმაში მოექცევა, რაც ჩვენ მოქალაქეებს საჯარო უწყებებისგან სერვისების მიღებას გაამარტივებს,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები