ნათია თურნავა: უახლოეს პერსპექტივაში რუსეთთან ფრენების აღდგენა, ჩვენი ბაზრისთვის, პოზიტიური სიგნალი და პოზიტიური განვითარება იქნება

უახლოეს პერსპექტივაში რუსეთთან ფრენების აღდგენა, ჩვენი ბაზრისთვის, პოზიტიური სიგნალი და პოზიტიური განვითარება იქნება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, რუსეთთან ფრენების შეჩერებამ ქვეყანა სერიოზულად დააზარალა.

„მე, როგორც ეკონომიკის მინისტრმა, შემიძლია დავადასტურო და ახლა უკვე სტატისტიკურადაც ჩანს, რომ რუსეთის ფრენების შეჩერებამ ძალიან სერიოზულად დაგვაზარალა. ძალიან ბევრი ციფრი რომ არ მოვიყვანო, ეროვნული ბანკის მონაცემებით ჩანს, რომ ჯერაც არის კლება საერთაშორისო მოგზაურებიდან შემოსული თანხების მიხედვით. ეს იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მაქსიმალურად დავუდექით გვერდში ჩვენს ტურისტულ ინდუსტრიას და განსაკუთრებით მცირე სასტუმროებს და საოჯახო სასტუმროებს, ეს ნეგატიური ტენდენცია ჯერ გადალახული არ არის და იმედი გვაქვს, მომავალში შევძლებთ მის გადალახვას. აქედან გამომდინარე, თუკი ფრენები აღდგება უახლოეს პერსპექტივაში, ეს იქნება ცალსახად, პოზიტიური სიგნალი და პოზიტიური განვითარება ჩვენი ბაზრისთვის. გაითვალისწინეთ, რომ ახლოვდება ზამთრის სეზონი, ჩვენი სამთო კურორტები ელოდებიან ტურისტებს, მათ შორის რუს ტურისტებსაც ელოდებიან. აქედან გამომდინარე, ეს იქნება ძალიან დადებითი განვითარება და მხარდაჭერა განსაკუთრებით მცირე და საოჯახო სასტუმროებს. ყველაფერი, რაც წაადგება ჩვენს ეკონომიკას, წაადგება ჩვენს ტურიზმს და წაადგება ცალკეულ ოჯახებს და მცირე ბიზნესს, არის კარგი და დადებითი ჩვენთვის“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვმა 26 სექტემბერს განაცხადა, რომ ის საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის მომხრეა. მისივე თქმით, საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენა სწორი ნაბიჯი იქნება.

რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 8 ივლისს შეაჩერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები