ირაკლი კოვზანაძე: გვაქვს როგორც მოქალაქეზე, ასევე ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული ბიუჯეტი

„ბიუჯეტის პროექტი, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი, უპრეცედენტოდ მაღალ საბიუჯეტო ასიგნებებს ითვალისწინებს და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, პირველად აღწევს ციფრს, 14 მილიარდს”,- ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

კოვზანაძის განცხადებით, 2020 წელს ქვეყანა 14 მილიარდ 200 მილიონს დახარჯავს, ნაერთი ბიუჯეტი კი 16 მილიარდს აღწევს.

„არსებული ბიუჯეტიდან განსხვავებით, დაახლოებით 900 მილიონით დამატებითი რესურსია და ეს რესურსი მთლიანად მოხმარებულია საქართველოს მოქალაქეებზე. მათზე, რომლებიც პირველ რიგში, პენიების და ხელფასების ზრდას საჭიროებენ. ჩვენ ამ ბიუჯეტს მართლაც შეგვიძლია ვუწოდოთ მოქალაქეზე ორიენტირებული ბიუჯეტი. ეს ბიუჯეტი ორიენტირებული იქნება ასევე ეკონომიკურ ზრდაზე. 2 მილიარდზე მეტი გვაქვს ჩვენ ჩადებული 2019 წლის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურის ზრდისთვის, მაგრამ არსებულ ბიუჯეტში 70 მილიონით მეტი გვექნება გათვალისწინებული. ბიუჯეტი არის გარკვეულწილად დაბალანსებული და ორიენტირებულია როგორც მოქალაქეების უზრუნველყოფისთვის, მოქალაქეზე, ასევე ეკონომიკურ ზრდაზე”,-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკროეკონომიკურ პარამეტრებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გათვალისწინებულია 5 პროცენტზე, ბიუჯეტის დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის 2,7 პროცენტზე, ხოლო ინფლაცია 3 პროცენტის ფარგლებშია დაგეგმილი. ირაკლი კოვზანაძის თქმით, 2020 წლის ბიუჯეტი როგორც მოქალაქეების, ასევე ეკონომიკურ ზრდაზე იქნება ორიენტირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები