საქართველოს ბიუჯეტის მოცულობა 2020 წელს 16 მილიარდ ლარს მიაღწევს – რაში აპირებს მთავრობა მის დახარჯვას?

2020 წელს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის მოცულობა 16 მილიარდ ლარს მიაღწევს. როგორც მინისტრთა კაბინეტის დღევანდელ სხდომაზე ითქვა, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 1,120,000,000 ლარით იზრდება და/ან თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი სოციალურ ხარჯებსა და საჯარო სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურების ზრდას მოხმარდება.

მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2020 წელს 770 ათასზე მეტ პენსიონერს, ასევე I და II ჯგუფის 102 ათასზე მეტ შშმ პირს ყოველთვიური პენსია გაეზრდებათ 20 ლარით. ასევე, 2019 წლის 1 ივლისიდან 70 წელს გადაცილებულ პენსიონერებს და I ჯგუფის შშმ პირებს პენსია დამატებით გაეზრდებათ 30 ლარით ანუ ჯამში ამ ადამიანების პენსია გაიზრდება 50 ლარით. გარდა ამისა, 2020 ბიუჯეტის სხვადასხვა წყაროებიდან დაფინანსდება დევნილთა ოჯახებზე ბინების განაწილება თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში, ასევე დევნილებს გადაეცემათ საცხოვრებელი სახლები სოფლად სახლის პროექტის ფარგლებში.
60 მილიონ ლარამდე იზრდება გაზიფიცირებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი, რაც 97 დასახლებული პუნქტისა და 17 ათასზე მეტი აბონენტის გაზიფიცირებას ითვალისწინებს.

ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, 2020 წელს საქართველოს მთავრობა 16 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს, რაც უპრეცედენტოდ დიდი ციფრია და რის საშუალებასაც ქვეყნის ეკონომიკის დაგეგმილი 5%-იანი ზრდა იძლევა.

„2020 წელს ჩვენ უპრეცედენტოდ მაღალი – 16 მილიარდიანი ბიუჯეტი გვექნება. ამ პირობებში იქნება მიმდინარე ხარჯები 11 მილიარდი ლარი, ინფრასტრუქტურული ხარჯები – 3.7 მილიარდი ლარი, ხოლო ვალის დაფარვის ხარჯები – 1 მილიარდი ლარი. მთლიანი შიდა პროდუქტის ღირებულება 48.5 მილიარდ ლარს მიაღწევს, ბიუჯეტის დეფიციტი 2.7% იქნება, ხოლო მთავრობის ვალის მშპ-სთან ფარდობა 45%”, – აცხადებს ივანე მაჭავარიანი.
როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ითქვა, ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოყოფილი 3.7 მლრდ. ლარზე მეტი 175 კმ საერთაშორისო მაგისტრალური გზების მშენებლობას, 600 კმ. მეტი რეგიონული მნიშვნელობის გზების რეაბილიტაცია- შეკეთებას და 70 000-ზე მეტი აბონენტის 24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფაზე დაიხარჯება.

2020 წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტს განსახილველად ახლო მომავალში გაეგზავნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები