ნანუაშვილი პრეზიდენტის მორატორიუმზე: არ გამოვრიცხავ, ამას სასჯელაღსრულების სისტემაში გარკვეული მღელვარებები მოჰყვეს

პრეზიდენტმა საზოგადოებას კითხვებზე პასუხი უნდა გასცეს,- ამის შესახებ პატიმრების შეწყალების სკანდალზე საუბრისას, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დამფუძნებელმა, ყოფილმა სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
ნანუაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს აქვს უფლება, შეიწყალოს ნებისმიერი პატიმარი, ამავე დროს მას აქვს პასუხისმგებლობა, ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე.
„თუ გავითვალისწინებთ იმ შედეგებს, რაც გამოიწვია ამ პროცესმა , ვფიქრობ, ეს სერიოზული პრობლემაა. შეიძლება ითქვას, რომ ზოგადად სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობა ამ გადაწყვეტილების შემდეგ კიდევ უფრო შემცირდა. რისკის ქვეშ დადგა ძალიან ბევრი სამართალდამცავი ორგანოს საქმიანობა. მოგეხსენებათ, როცა პოლიციელი ებრძვის კრიმინალს, სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს, შემდეგ ხდება ასე უაპელაციოდ დამნაშავის შეწყალება, საზოგადოებას პრეზიდენტმა უნდა გასცეს პასუხი კითხვებზე“- განაცხადა ნანუაშვილმა.

მისივე განცხადებით, პატიმრების შეწყალების მიმართულებით პრობლემები და ხარვეზები ადრეც იყო, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ მომხდარიყო ამ ხარვეზების აღმოფხვრა, დღეს მივიღეთ მდგომარეობა, როცა ერთპიროვნულად ხდება გადაწყვეტილების მიღება და ამ პროცესში საზოგადოების წარმომადგენლები არ არის ჩართულები.

„წლების განმვალობაში, იყო არაერთი საქმე, მათ შორის გახმაურებულიც, როცა საზოგადოებას ჰქონდა კითხვის ნიშნები, მაგრამ დღეს დავინახეთ, რომ ეს სისტემა, შეწყალების მექანიზმი მთლიანად მოშლილია. წლების განმავლობაში იყო შეწყალების კომისია, რომელიც ერთგვარი მეხამრიდის როლს ასრულებდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, 5 წლის განმავლობაში ამ კომისიის წევრი ვიყავი. კომისია სწავლობდა საქმეებს, ვცდილობდით, ერთგვარი ფილტრი ვყოფილიყავით იმისთვის, რომ არ მომხდარიყო ისეთი შეცდომის დაშვება, რომელსაც შესაძლოა, გამოეწვია კითხვის ნიშნები, ეჭვის ქვეშ დამდგარიყო ამ დისკრეციული უფლების დანიშნულება.
მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს აქვს უფლება შეიწყალოს ნებისმიერი პატიმარი ნემისმიერ დროს და ეს მისი დისკრეციაა ,ამავე დროს მას აქვს პასუხისმგებლობა, ის ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე. ამიტომაც ვფიქრობ, მას მოეთხოვება ახსნა-განმარტებები გააკეთოს.
კიდევ უფრო პრობლემურად მეჩვენება მის მიერ მორატორიუმის გამოცხადება შეწყალებასთან დაკავშირებით. რადგან, ბევრია პატიმარი, რომელმაც ნაბიჯები გადადგა იქითკენ, რომ საზოგადოებას დაუბრუნდნენ , ელოდებიან შეწყალებას, მათ უნდა მიეცეთ ცხოვრების ხელახლა დაწყების შესაძლებლობა.
კიდევ უფრო მეტ პრობლემას ქმნის მორატორიუმი. არ გამოვრიცხავ, თუ ეს პროცესი ასე გაგრძელდება, ამას მოჰყვეს გარკვეული მღელვარებები სასჯელაღსრულების სისტემაში, იმიტომ, რომ ათასობით პატიმარი დღე დღეზე ელოდებოდა მათი საქმეების განხილვას“- განაცხადა ნანუაშვილმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები