“ბიჭები დახმარებას ითხოვდნენ” – რას ჰყვებიან ადგილობრივები ატოცში დაღუპულ “ძალა ერთობაშიას” წევრზე
ქარელის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფელ ატოცში მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” ერთ-ერთი აქტივისტი გიორგი დეკანოსიძე დაიღუპა. მამაკაცის გარდაცვალების მიზეზად, ამ ეტაპზე გულის შეტევა სახელდება.
“კვირა” ადგილზე ეცადა დამატებითი დეტალების გარკვევას. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, შემთხვევა გამთენიისას, 6 საათზე ანტიოუკაპაციური მოძრაობის ე.წ შტაბში მოხდა.
როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი, ლარისა გოგიჩაშვილი ამბობს, გარდაცვლილს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
“დაახლოებით 5-6 საათი იქნებოდა ხმაურმა, რომ გაგვაღვიძა, ბიჭები დახმარებას ითხოვდნენ . ადგილზე მოვიდა სასწრაფო სამედიცინო მანქანა, თუმცა ეს ბიჭი უკვე დაღუპული იყო. თვითონ გარდაცვლილი არ იყო ჯანმრთელი, შეზღუდული შესაძლებლობები ჰქონდა, სიარული უჭირდა. როგორც გავიგე გული აწუხებდა. ისე ძალიან კარგი ბიჭი იყო. თითქმის სულ აქ იყო. მაგისი ცუდი არავის გაუგონია”,- ამბობს ლარისა გოგიჩაშვილი.
გულის შეტევის ვერსიას ადასტურებს, გარდაცვლილის ერთ-ერთი მეგობარი, “ძალა ერთობაშიას” აქტივისტი ჯემალ სეფიაშვილიც.
“სწორედ აქ დაიღუპა გიორგი, ძალიან მაგარი ადამიანი იყო. სულ ჩვენს გვერდით იდგა. მინდა სამძიმარი ვუთხრა მის ოჯახს და ახლობლებს. დაახლოებით 6 საათი იყო, რომ ცუდად გახდა, გული მტკივაო და წამალი მიაწოდეს ბიჭებმა, მაგრამ სამწუხაროდ ესე დამთავრდა ყველაფერი”,-აღნიშნავს ჯემალ სეფიაშვილი.
ანტიოკუპაციური მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” წევრი გიორგი დეკანოსიძე 44 წლის იყო. მისი ცხედარი გორის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
შსს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.