Washington Post: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ გამოძიება განაახლა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ გამოძიება განაახლა. საქმე 2009-2013 წლებში სახელმწიფო მდივნის პოსტზე მუშაობისას საკუთარი ელექტრონული ფოსტიდან სამსახურეობრივი მიმოწერის წარმოებას ეხება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Washington Post ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში მყოფი დიპლომატიური უსაფრთხოების ბიუროს გამომძიებლები სახელმწიფო დეპარტამენტის 130 ყოფილ და მოქმედ თანამშრომელს დაუკავშირდნენ და შეატყობინეს, რომ რამდენიმე წლის წინ, მათ მიერ გაგზავნილი წერილები ახლა გასაიდუმლოებულია და „უსაფრთხოების პოტენციურ დარღვევას“ წარმოადგენს.
Washington Post-ის ვარაუდით, გამოძიების გააქტიურების გამო, დონალდ ტრამპი, შესაძლოა, პოლიტიკური ოპონენტების დევნის მორიგ მცდელობაში დაადანაშაულონ.
გამოცემის ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომლებიც საქმეში ფიგურირებენ, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა არ ემუქრებათ, თუმცა გამოძიების შედეგები, შესაძლოა, მათ რეპუტაციაზე აისახოს.
სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გამოძიება სტანდარტული წესით მიმდინარეობს და ჯერ კიდევ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს დაიწყო.
ცნობისთვის, 2009-2013 წლებში სახელმწიფო მდივნის პოსტზე ყოფნისას ჰილარი კლინტონი საკუთარი ელექტრონული ფოსტიდან სამსახურეობრივ მიმოწერას აწარმოებდა. 2015-2016 წლებში გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) საიდუმლო ინფორმაციის შესაძლო გაჟონვის საქმეზე გამოძიება ჩაატარა, თუმცა ჰილარი კლინტონის ქმედებებში დანაშაულის ნიშნები ვერ იპოვა.