საჰაერო მოძრაობის მართვის მოდერნიზების თაობაზე, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ერთიანი ევროპული ცის კვლევით პროგრამას შორის განზრახულობათა ოქმი გაფორმდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა, ლევან კარანაძემ და ერთიანი ევროპული ცის საჰაერო მოძრაობის ორგანიზების კვლევითი პროგრამის საჯარო-კერძო პარტნიორობის გაერთიანების (SESAR Joint Undertaking) აღმასრულებელმა დირექტორმა, ფლორიან გიულერმეთმა განზრახულობათა ოქმს მოაწერეს ხელი. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის დირექტორატის ხელმძღვანელი ჰენრიკ ჰოლოლეი, რომელიც ამავე დროს არის SESAR-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე და საქართველოს ელჩი კანადაში, მუდმივი წარმომადგენელი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში (ICAO) კონსტანტინე ქავთარაძე.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ​დოკუმენტის თანახმად, მხარეები თანხმდებიან მჭიდრო თანამშრომლობაზე საჰაერო მოძრაობის მართვის მოდერნიზების და ეფექტურობის გაუმჯობესების, ასევე, საჰაერო ნაკადების ოპტიმიზაციის, დაგვიანებების მინიმუმამდე შემცირების და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დანერგვის კუთხით. სააგენტოსა და SJU-ს შორის გამართული კონსულტაციების გათვალისწინებით, ოქმში განისაზღვრა ის მიმართულებები, რომელთა კუთხითაც არსებობს ორმხრივი თანამშრომლობის ინტერესი. ესენია: კომუნიკაციის, ნავიგაციის და აერონავიგაციის ინტეგრირებული მომსახურება (integrated CNS), აეროდრომზე მომსახურების მოშორებული (ელექტრონული) მომსახურება (remote digital towers), ავტომატიზირებული სისტემების ურთიერთავსებადობა, კვლევა და ინოვაციები. დოკუმენტით გათვალისწინებულია შესაბამისი ექსპერტების და სპეციალისტების მონაწილეობა SJU-ს შეხვედრებსა და სემინარებში, ასევე სასწავლო და კვლევით პროგრამებში ჩართვის შესაძლებლობა.
​შეხვედრაზე, რომელიც მონრეალში გუშინ გაიმართა, ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის დირექტორატის ხელმძღვანელმა მაღალი შეფასება მისცა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიღწევებს საავიაციო უსაფრთხოებისა და უშიშროების სტანდარტების გაუმჯობესების კუთხით. ჰენრიკ ჰოლოლეიმ აღნიშნა, რომ საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია ევროკავშირისთვის და ევროკომისია აქტიურად გააგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას ერთიან საჰაერო სივრცეში ინტეგრაციის და საავიაციო კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის თვალსაზრისით. ამასთან, ჰოლოლეიმ სააგენტოს ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტისგან სპეციალური სერტიფიკატების მიღება და ლევან კარანაძეს ICAO-ს მეორმოცე ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად არჩევა მიულოცა. ლევან კარანაძემ ევროპულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს საავიაციო სექტორის განვითარების და სააგენტოს ინსტიტუციონალური გაძლიერების კუთხით განხორციელებული და მიმდინარე პროექტებისთვის.
​საქართველოს დელეგაცია მონრეალში ICAO-ს რიგით მე-40 ასამბლეაზე დასწრების და საბჭოს წევრების არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები