ტყიბულელი მეშახტე: მისასალმებელია, რომ პრობლემის გადაწყვეტა დროულად მოხდა, კმაყოფილები ვართ მიღწეული შედეგით
“კმაყოფილები ვართ მიღწეული შედეგით, რადგან ეკონომიკის მინისტრისგანაც და ახალი კომპანიისგანაც მივიღეთ დაპირება, რო შესრულდება ჩვენი ორი მოთხოვნა – გაიცემა დავალიანება და მომავალში გავაგრძელებთ მუშაობასაც”, – ამის შესახებ ტყიბულელმა მეშახტემ, გია ბაბუხადიამ განაცხადა.
მისივე თქმით, განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ პრობლემის გადაწყვეტა ოპერატიულად მოხდა, დროში არ გაიწელა და ახალი მფლობელი მალე გამოინახა.
„ძირითადად გვქონდა ორი პრობლემა – დავალიანების გაცემა და სამომავლოდ რა ბედი ეწეოდა კომპანიას, ეს ორივე პრობლემა მოგვარებულია. დანარჩენი უკვე შიდა სამზარეულოა და უშუალოდ ახალ მფლობელებთან დავარეგულირებთ ყველაფერს. ამ ეტაპზე კმაყოფილი ვართ მიღწეული შედეგით, რაც მთავარია ოპერატიულად მოხდა ყველაფერი და დროში არ გაწელილა“, – აღნიშნა გია ბაბუხადიამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა გუშინ ტყიბულში, გაფიცულ მეშახტეებსა და კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, მეშახტეებმა გაფიცვა შეწყვიტეს. კომპანია „საქნახშირმა“ კი ახალი ინვესტორი Steel Investment Trades Company წარადგინა, რომელიც მეშახტეთა მოთხოვნების შესრულებას უზრუნველყოფს.