გარემოსდაცვითი განათლების პროექტში რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთიც ჩაერთო

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისათვის საქართველოს მასშტაბით სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების სახელმძღვანელოს დასანერგად ცენტრის თანამშრომლებმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პედაგოგები და მეთოდისტები გადაამზადეს და სასწავლო რესურსები გადასცეს.
სახელმძღვანელო „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“ სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა, რომელიც ასაკისათვის შესაფერის თეორიულ მასალასთან ერთად, პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავს. სახელმძღვანელო სამ გარემოსდაცვით თემას აერთიანებს: ბიომრავალფეროვნება ჩვენს გარშემო, წყლისა და ენერგიის დაზოგვა, ნარჩენების მართვა.
სახელმძღვანელოები უკვე დაინერგა თბილისის მუნიციპალიტეტში, კახეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში. 2019 წლის ბოლომდე კი მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგება.
26 სექტემბერს სკოლამდელთა დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება ცაგერის მუნიციპალიტეტში განხორციელდა. მუნიციპალიტეტის თექვსმეტივე სკოლამდელი დაწესებულების 30-მდე პედაგოგმა შეიძინა ახალი ცოდნა გარემოსდაცვითი განათლების შესახებ.
N2 ბაღის აღმზრდელი პედაგოგი, ნატო ბენიძე აღნიშნავს, რომ ტრენინგი მათთვის საინტერესო თემატიკას მოიცავს.
„დღევანდელი გადამზადების შემდეგ, უფრო ბევრი რამ გავიგეთ, შევისწავლეთ. მივიღეთ სახელმძღვანელოები უსასყიდლოდ, შევეცდებით, ეს ყველაფერი ჩვენს ბავშვებს გავუზიაროთ“, – ამბობს ნატა ბენიძე.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მთავარი სპეციალისტის, მარიამ არჩუაძის ინფორმაციით, ცენტრი 2016 წლიდან ახორციელებს პროექტს „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“. ამ ხნის მანძილზე ბევრი რეგიონი მოიარეს და სკოლამდელი დაწესებულებების აღმზრდელ-მეთოდისტები გადაამზადეს. სახელმძღვანელოებს და სასწავლო რესურსს აწვდიან და სიახლეებს აცნობენ.
„დღეს თანამედროვე მსოფლიო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გარემოსდაცვითი განათლება არის ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმი გარემოსდაცვითი პრობლემების გადასაჭრელად. ჩვენს მომავალ თაობას საბავშვო ბაღიდანვე უნდა ჰქონდეს შესაბამისი ცოდნა იმისათვის, რომ ჩამოყალიბდეს პასუხისმგებლიან პიროვნებად და მეტი გულდასმით მოუაროს ბუნებას, გააცნობიეროს ქმედებები“, – აღნიშნა მარიამ არჩუაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები