პოლონეთის პრეზიდენტმა გაეროს ტრიბუნიდან მსოფლიო თანამეგობრობას საქართველოს და უკრაინის დაცვისკენ მოუწოდა
პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ გაეროს 74-ე გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან განაცხადა, რომ მსოფლიოში მუდმივად ხდება აუხსნელი ბარბაროსობა, იქნება ეს ეთნიკური წმენდა, მასობრივი მკვლელობა, თუ გენოციდი.
დუდას თქმით, „ჩვენ ასევე ვაწყდებით სახელმწიფოების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაში ჩარევის მაგალითებს”.
„შეუძლებელია არ შეამჩნიო გარკვეული ისტორიული ანალოგია: დღესაც არსებობს „დროის ყიდვის“ მცდელობა პასიურობის გზით, ზოგჯერ კი აგრესორთან გარკვეული პაკეტების დადებითაც“,-განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.
დუდამ დამსწრე საზოგადოებას გაეროს შემქმნელების მთავარი თეზისი შეახსენა, რომელიც გულისხმობს -„აღარასოდეს“ („never again“ ).
„თითქოს ყველამ კარგად გავითავისეთ მეორე მსოფლიო ომის სასტიკი გაკვეთილი. თუმცა, სამწუხაროდ, ბოლო წლებმა გვიჩვენა, რომ არსებობს აგრესორთან თანამზრახველობაში შესვლის ცდუნება, რომელიც მაშინაც და დღესაც არსებობს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დადგა დრო ლეთარგიული ძილიდან გამოვიდეთ, წარსულიდან დასკვნები გამოვიტანოთ და იგივე შეცდომების დაშვება შევწყვიტოთ. მაგალითად, შეგვიძლია მოვიყვანოთ უკრაინა და საქართველო, რომლებსაც საფრთხე დაემუქრა, მათ წინააღმდეგ ისეთი ქმედება ხორციელდება, რომელიც მათ სუვერენიტეტს და მთლიანობას არღვევს“,- აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.