თეთრმა სახლმა ტრამპის და ზელენსკის საუბრის სტენოგრამა გაასაჯაროვა
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის 25 ივლისის სატელეფონო საუბრის სტენოგრამა გაასაჯაროვა.
გაშიფრული საუბრიდან ირკვევა, რომ ტრამპმა ზელენსკის სთხოვა ჯო ბაიდენის შვილის კომპანიის „საქმე გამოიძიოს“.
„ბევრი საუბარია ბაიდენის შვილზე, რომ ბაიდენმა სასამართლო გამოძიება დაასრულა. ბევრს სურს გაიგოს ამ საქმეზე ყველაფერი, რაც თქვენ გენპროკურორთან ერთად შეგიძლიათ გააკეთოთ, კარგი იქნება“, – თქვა ტრამპმა.
ზელენსკიმ კი თავის მხრივ აღნიშნა, რომ „უკრაინის ხელისუფლება ამ საქმეს გამოიძიებს“. მისი თქმით, არჩევნები დიდი უმრავლესობით მოიგო და უკრაინის გენერალური პროკურორი „100%-ით ჩემი ადამიანი იქნება“ და ეს ადამიანი „მიხედავს ამ ვითარებას, კერძოდ, კომპანიასთან დაკავშირებით, რომელიც თქვენ ახსენეთ“.
The Washington Post-მა რამდენიმე დღის წინ დაწერა, რომ ტრამპმა ზელენსკის ბაიდენის შვილის საქმის გამოძიება სთხოვა და თითქოს ამერიკის ლიდერმა გამოძიება უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფას დაუკავშირა.
დღეს კი კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის ხელმძღვანელმა ნენსი პელოსმა განაცხადა, რომ დაწყებულია ფორმალური პროცედურა, რომელიც დაადგენს არსებობს თუ არა ტრამპის იმპიჩმენტის საფუძველი.