ზელენსკი: ჩემზე ზეწოლის მოხდენა მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხრიდან შესაძლოა ზეწოლის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.
ზელენსკიმ თქვა, რომ ის დამოუკიდებელი სახელმწიფოს პრეზიდენტია და მასზე ზეწოლას ვერავინ განახორციელებს.
„ჩემზე ზეწოლას ვერავინ მოახდენს, იმიტომ რომ მე დამოუკიდებელი სახელმწიფოს პრეზიდენტი ვარ. ჩემზე ზეწოლის მოხდენა მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია – ჩემს 6 წლის შვილს“, – თქვა ზელენსკიმ.
რამდენიმე დღეა მედიაში აქტუალურია ზელენსკსა და ტრამპს შორის ივლისში გამართული სატალეფონო საუბრის შინაარსი – თითქოს ამერიკის ლიდერმა უკრაინელ კოლეგაზე ზეწოლა განახორციელა. ამის მიზეზი კი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის ჯო ბაიდენის შვილის საკითხი გახდა, რომელიც შესაძლოა უკრაინაში კორუფციულ სქემაში მონაწილეობდა, რასაც თავად ბაიდენი წლების განმავლობაში კატეგორიულად უარყოფდა.
ტრამპის თქმით, უკრაინამ კორუფციულ საკითხთან არსებული ვითარება უნდა დაალაგოს, რაც ორი ქვეყნის ურთიერთობას აფერხებს.
მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ამერიკის ლიდერმაც უპასუხა. ტრამპის თქმით, საუბარში მან ნამდვილად ახსენა ბაიდენი, თუმცა არავიზე ზეწოლა არ განუხორციელებია. ტრამპმა ასევე თქვა, რომ დღეს სატელეფონო საუბრის სტენოგრამას გამოაქვეყნებს.
ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ მისი და ტრამპის საუბარი კონფიდენციალურია.