პუტინი საშუალო და ახლო მანძილის რადიუსის მოქმედების რაკეტების განთავსებაზე მორატორიუმს ითხოვს და ნატოს წევრ ქვეყნებს მიმართავს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ნატოს წევრ ქვეყნებს 19 სექტემბერს წერილი გაუგზავნა, სადაც გამოვიდა წინადადებით, რომ საშუალო და ახლო მანძილის რადიუსის მოქმედების რაკეტების განთავსებაზე მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს.
ამის შესახებ რუსული „კომერსანტი“ წერს.
გაზეთის წყაროს ინფორმაციით, ნატოს წევრ ერთ-ერთ ქვეყანაში ასეთ წინადადებას არასერიოზულად მიიჩნევენ, რადგან რუსეთმა მსგავსი ტიპის რაკეტები უკვე განათავსა.
პუტინის გზავნილში მოწოდებაა – „მხარი დავუჭიროთ ჩვენს ძალისხმევას და რაკეტების განთავსებაზე, ნატოს ფარგლებში, მორატორიუმი გამოვაცხადოთ“. მოსკოვში ამბობენ, რომ „წევრი ქვეყნებისგან დაინტერესება ჯერჯერობით არ წამოსულა“.
„კომერსანტის“ წყარო ამბობს, რომ წერილი მიიღო მათ შორის ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა ფედერიკა მოგერინიმ და ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ასევე ქვეყნებმა, რომლებიც ნატოს წევრები არ არიან, მაგალითად, ჩინეთმა.
აშშ 1988 წლის შეთანხმებიდან აგვისტოში გავიდა, ამის მიზეზად ვაშინგტონმა დაასახელა ის, რომ რუსეთმა ისეთი რაკეტები შექმნა, რომლებიც შეთანხმებას ეწინააღმდეგება.