პუტინი სომხეთში ჩადის – ერევანი საპროტესტო აქციისთვის ემზადება, რაშიც შესაძლოა ქართველებმაც მიიღონ მონაწილეობა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 1 ოქტომბერს ერევანს ეწვევა, სადაც რამდენიმე საათის განმავლობაში დარჩება.

ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

არსებული ინფორმაციით, რუსეთის ლიდერი ერევანში გაზის ტარიფს განიხილავს.
17 სექტემბერს სომხურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსული მხარე ერევანს სიურპრიზს უმზადებს, კერძოდ, იგეგმება გაზის ტარიფის გაზრდა. მოსალოდნელია, რომ მისი საფასური 30%-ით გაიზრდება, თუმცა არ გამოირიცხება ეტაპობრივი მატებაც.
გარდა ამისა, განსახილველ საკითხთა შორის რუსეთის რკინიგზის მომავალი და ზემო ლარსზე შექმნილი ვითარებაცაა, სადაც უკვე რამდენიმე კვირაა ათასობით სომხურ სატვირთოს არ ატარებენ.

პარალელურად გამოცემა politik.am ავრცელებს ინფორმაციას, რომ სომხეთის დედაქალაქში ორი ფრონტი გაიშლება, ერთი დაეთმობა ოფიციალურ ღონისძიებებს, მეორე კი – საპროტესტო აქციებს.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლები ახალგაზრდების მობილიზებას ახდენენ, ასევე იგეგმება საქართველოდან ხალხის ჩაყვანა.
გამოცემა წერს, რომ სომხური მხარის მხრიდან აქტივისტებთან მუშაობას დეპუტატი ოვანეს ოვანისიანი ხელმძღვანელობს, ხოლო საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობაზე პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ წევრი, ნიკოლ ფაშინიანის ყოფილი მრჩეველი, არსენ ხარატიანი ზრუნავს.

არსებული ინფორმაციით, აქციებით სომხეთის ხელისუფლებას სურს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს დაანახოს, რომ რესპუბლიკაში რუსეთის პოლიტიკით უკმაყოფილებას გამოთქვამენ. გარდა ამისა, ერევანს სურს დაანახოს კრემლს, რომ თუ სადავეებში ისინი არ იქნებიან ხელისუფლებაში, შესაძლოა, გაცილებით რადიკალური ძალები მოვიდნენ, რომლებიც მზად არიან რუსეთთან ურთიერთობა გაწყვიტონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები