ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ ბორის ჯანსონის გადაწყვეტილება უკანონოდ გამოაცხადა – პარლამენტი მუშაობას ხვალ განაახლებს
ბრიტანეთის პარლამენტი მუშაობას 25 სექტემბერს ადგილობრივი დროით 11:30 საათზე განაახლებს, – განაცხადა თემთა პალატის სპიკერმა ჯონ ბერკოუმ.
აღნიშნული მას შემდეგ მოხდა, რაც ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის გადაწყვეტილება, საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით, უკანონოდ გამოაცხადა.
ბერკოუმ აღნიშნა, რომ ხვალ პრემიერისადმი ტრადიციული შეკითხვების სესია ვერ შედგება, რადგან ჯონსონი ნიუ-იორკში იმყოფება. თუმცა, მისი თქმით, დეპუტატებს კიდევ მიეცემათ შესაძლებლობა მთავრობას პასუხი მოსთხოვონ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას პრემიერი ჯონსონიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პარლამენტის მუშაობის განახლებას ხელს არ შეუშლის.
კითხვაზე, მოუხდის თუ არა პრემიერი დეპუტატებს ბოდიშს, ბორის ჯონსონმა თქვა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას სწორად არ მიიჩნევს.
ბორის ჯონსონმა პარლამენტის მუშაობა 9 სექტემბრიდან შეაჩერა, მისი მუშაობის განახლება 14 ოქტომბერს იგეგმებოდა.
ამის მიზეზად ჯონსონმა შიდაპოლიტიკური პროგრამის რეალიზება დაასახელა, რომელიც 31 ოქტომბერს ბრექსიტის საბოლოო განხორციელებას გულისხმობს. კერძოდ, ჯონსონს სურდა, რომ დეპუტატებს არ მიცემოდათ შესაძლებლობა ისეთი კანონები მიეღოთ, რომლებიც მას ევროკავშირიდან ქვეყნის გაყვანაში შეაფერხებდა.
მანამდე გახდა ცნობილი, რომ ბრიტანელი ოპოზიციონერი დეპუტატები გეგმავდნენ ისეთი კანონების მიღებას, რომლებიც პრემიერ-მინისტრს ბრექსიტის გადავადებას აიძულებდა.
ბრიტანეთი ევროკავშირიდან 31 ოქტომბერს უნდა გავიდეს.