გერმანია დონეცკისა და ლუგანსკის მოსახლეობისთვის გაცემული რუსული პასპორტების საფუძველზე ვიზებს გასცემს

გერმანია დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებზე ვიზებს რუსეთის პასპორტების საფუძველზე გასცემს.

ამის შესახებ გაზეთი Bild „თავისუფალი დემოკრატიული პარტიის“ დეპუტატის რენატა ალტის მთავრობისადმი გაგზავნილი შესაბამისი მოთხოვნის პასუხზე დაყრდნობით წერს.

გაზეთში აღნიშნულია, რომ დეპუტატისთვის დაბრუნებული პასუხიდან იკვეთება, რომ გერმანიის მთავრობა არ განასხვავებს რუსეთის ჩვეულებრივ პასპორტებსა და იმ პასპორტებს, რომლებსაც კრემლი აპრილიდან უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობისთვის გასცემს.

აღნიშნულია, რომ აპრილიდან გერმანიამ რუსეთის პასპორტის მქონე პირებზე 100 ათასამდე ვიზა გასცა. თუმცა, უცნობია, რამდენია აქედან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები.

ამასთან, პასუხში ფედერალურმა მთავრობა ვლადიმირ პუტინის განკარგულება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ფაქტი უკრაინის სუვერენიტეტსა და მინსკის შეთანხმებას ეწინააღმდეგება.

ვლადიმირ პუტინმა 24 აპრილს განკარგულებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვით დონეცკის და ლუგანსკის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლები რუსულ პასპორტებს გამარტივებული წესით ღებულობენ.

თუმცა, ევროკავშირის ქვეყნების ნაწილი ამ პასპორტებს არ აღიარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები