ნიკოლას მადურო მოსკოვში იმყოფება
ვენესუელის ლიდერი ნიკოლას მადურო, რომელსაც მსოფლიოს ქვეყნების დიდი ნაწილი პრეზიდენტად არ აღიარებს, მოსკოვში ვიზიტით ჩავიდა.
ამის შესახებ მადურომ Twitter-ში დაწერა.
„რუსეთში ჩამოვედით, იმისთვის რომ ჩვენი ისტორიული ძალიან პოზიტიური ურთიერთობა განვამტკიცოთ“, – დაწერა მადურომ.
მისი თქმით, რუსეთთან არსებული ძმური ურთიერთობა ვენესუელის აყვავებისთვის ფუნდამენტურ საფუძველს წარმოადგენს.
ცნობილია, რომ 25 სექტემბერს სამუშაო საუზმის ფორმატში მადუროსა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს შორის მოლაპარაკება შედგება.
23 იანვარს, ვენესუელის პარლამენტის სპიკერმა, ხუან გუაიდომ თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.
გუაიდოს გადაწყვეტილებას მხარი აშშ-მა მეორე დღესვე დაუჭირეს, ასევე ლათინული ამერიკის დიდმა ნაწილმა, ევროპის პარლამენტმა, ასევე ევროპის ქვეყნების დიდმა ნაწილმა და საქართველომ. რუსეთი კი ვენესუელის პრეზიდენტად კვლავ ნიკოლას მადუროს აღიარებს.