აშშ პოლონეთში სამხედრო კონტინგენტს გაზრდის – სამხედრო დეკლარაცია ხელმოწერილია

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და მისმა პოლონელმა კოლეგამ ანჯეი დუდამ ნიუ-იორკში სამხედრო დეკლარაციას მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვით შეერთებული შტატები პოლონეთში ამერიკული ჯარის რაოდენობას გაზრდის.

ინფორმაციას Onet.pl ავრცელებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ხელმოწერილი დეკლარაცია „თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“, ადასტურებს პოლონეთში 4500 სამხედრო პერსონალის ყოფნას, ასევე მასში საუბარია დამატებით ათასი ადამიანის განთავსების შესახებ.

გარდა ამისა, პოლონეთმა და აშშ-მ ის ადგილმდებარეობები შეათანხმეს, სადაც ამერიკული ჯარი განთავსდება, ესენია: ვროცლავი, ლასკი და ლუბლინეცი. ასევე, მიდის საუბარი სატანკო ბრიგადის საბრძოლო ჯგუფის განთავსების ადგილის განსაზღვრაზე.

დეკლარაცია ხაზს უსვამს, რომ მხარეები სტრატეგიული და თავდაცვითი ურთიერთობების განმტკიცებას აგრძელებენ, “რომლებიც ურთიერთ, ასევე ნატოს უსაფრთხოებას აუმჯობესებს“.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2018 წლის სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ თეთრმა სახლმა პოლონეთში მუდმივ საფუძველზე სამხედრო ბაზის განთავსების გადაწყვეტილება მიიღო, მხარეებს მხოლოდ ტექნიკური საკითხების მოგვარება რჩებოდათ.
ამის შესახებ მაშინ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ, განაცხადა.
მისი თქმით, სამხედრო ბაზისთვის ინფრასტრუქტურის შექმნას ერთ წელზე მეტი დრო დასჭირდება. დუდას აზრით, ამერიკული ბაზის შექმნა პოლონეთის უსაფრთხოებას გაზრდის და რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი გახდება.

აღნიშნული განცხადების შემდეგ, ანჯეი დუდა ვაშინგტონშიც იმყოფებოდა, სადაც აშშ-ის ლიდერს, დონალდ ტრამპს შეხვდა. პრესკონფერენციაზე ტრამპმა განაცხადა, რომ ვარშავას სამხედრო ინფრასტრუქტურის ასაშენებლად 1,5-2 მილიარდი დოლარი გამოეყოფა.
დუდამ მაშინ თქვა, რომ ბაზას, შესაძლოა, „ფორტ ტრამპი“ დაერქვას.

საკითხს მოსკოვშიც გამოეხმაურნენ და თქვეს, რომ პოლონეთში ამერიკის სამხედრო ბაზის განთავსების გეგმა რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს. საგარეო უწყებაში აღნიშნეს, რომ ბაზის განთავსება მოსკოვს აიძულებს, რიგი დამატებითი „სამხედრო-ტექნიკური ზომები“ მიიღოს, რომლებიც ახალ პირობებში რუსეთის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

პოლონეთში ამჟამად 3,5 ათასი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე როტაციის საფუძველზე იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები