გორში საკონსტიტუციო კანონის პროექტის განხილვა მიმდინარეობს

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეს გორის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.
შეხვედრას, რომელიც გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უძღვება. შეხვედრას ასევე მმართველი გუნდის წევრები, ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს ისტორიაში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა უპრეცედენტოა.

“მიგვაჩნია, რომ ნულოვანი ბარიერის პირობებში ყველა პარტიას ექნება საშუალება მოხვდეს პარლამენტში. ამის შემდეგ იწყება პროცესი, როდესაც პარლამენტში რეალურ პარტიებს ექნებათ დაფინანსება, ექნებათ საპარლამენტო ტრიბუნა, ექნებათ წვდომა მედიაზე და მოემზადებიან ეს პარტიები 4 წლის განმავლობაში ევროპული არჩევნებისთვის, ეს არის 5%-იანი პროპორციული არჩევნები”,- განაცხადა თალაკვაძემ.

საყოველთაო-სახალხო განხილვებში მონაწილეობას საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კონსტიტუციონალისტები და ექსპერტები იღებენ. განხილვები 30 სექტემბერს დასრულდება.

საკონსტიტუციო ცვლილებები 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს და  ინიცირებულია ორი პროექტი. უმრავლესობის მიერ წარდგენილი პროექტის თანახმად, პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება და უქმდება საარჩევნო ბლოკები. სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების მიერ დარეგისტრირებული პროექტი კი ითვალისწინებს, პროპორციულ არჩევნებს 3%-იანი ბარიერის პირობებში, ასევე საარჩევნო ბლოკების შენარჩუნებას.

საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია 13 წევრისგან შედგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები