გორში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა აქციის ფონზე მიმდინარეობს

გორში ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშია” გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ აქციას მართავს. აქციის ორგანიზატორის, გიგა მაქარაშვილის თქმით, მათ დარბაზში შესვლა უნდოდათ, თუმცა დაცვის პოლიციამ აქტივისტები უნივერსიტეტის შენობაში არ შეუშვა.

“აქტივისტებს გვინდოდა შენობაში შესვლა და საჯაროდ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების მოსმენა, თუმცა შენობაში შესვლის უფლება დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა არ მოგვცეს. თუმცა ჩვენ დავრჩებით ადგილზე ბოლომდე და სირცხვილის კორიდორს მოვაწყობთ”, – განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გორში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეს 17:00 საათზე დაიწყო.
​საკონსტიტუციო ცვლილებები 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს და  ინიცირებულია ორი პროექტი. უმრავლესობის მიერ წარდგენილი პროექტის თანახმად, პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება და უქმდება საარჩევნო ბლოკები. სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების მიერ დარეგისტრირებული პროექტი კი ითვალისწინებს, პროპორციულ არჩევნებს 3%-იანი ბარიერის პირობებში, ასევე საარჩევნო ბლოკების შენარჩუნებას.

საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია 13 წევრისგან შედგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები