ლევან დავითაშვილმა საერთაშორისო დღესათან -“ავტომობილის გარეშე” დაკავშირებით გამართულ ველომსვლელობაში მონაწილეობა მიიღო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საერთაშორისო დღესათან – “ავტომობილის გარეშე” დაკავშირებით გამართულ ველომსვლელობაში მიიღო მონაწილეობა.

„დღევანდელი დღე განსაკუთრებულია იმით, რომ გარემოს გულშემატკივრები უარს ამბობენ პირადი ავტომობილით სარგებლობაზე, გადაადგილდებიან ფეხით ან იყენებენ ალტერნატიულ, ჯანსაღ ტრანსპორტს.

აუცილებელია, გავაცნობიეროთ გარემოსდაცვითი საკითხების მნიშვნელობა, ვინაიდან, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების უმეტესი წილი ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვზე მოდის. ჰაერის პოლიტიკის კუთხით, რამდენიმე ნაბიჯი უკვე გადავდგით. წლის დასაწყისში, ჰაერის პორტალის პრეზენტაცია გავმართეთ. აღნიშნულ პორტალზე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, დეტალურად, რეალურ დროში დააკვირდეს ჰაერის მდგომარეობას, მთელი საქართველოს მასშტაბით, თუმცა ამ კუთხით, ბევრი რამ არის გასაუმჯობესებელი – სადგურების დამატება და პორტალზე მეტი ინფორმაციის დატანა გვაქვს გეგმაში. უახლოეს მომავალში, ჰაერის მონიტორინგი ევროპული სტანდარტების მიხედვით განხორციელდება. მონიტორინგი კი პირველი ნაბიჯია იმისათვის, რომ შემდგომში ჰაერის გაუმჯობესების ღონისძიებები ეფექტიანად განვახორციელოთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, ამ პროცესებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი აქტიური ჩართულობა.

„მთავრობა და პარლამენტი ძალიან მჭიდროდ მუშაობენ, რომ ევროპული მოთხოვნების შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა გვქონდეს, მაგრამ კანონმდებლობა კანონმდებლობად დარჩება, თუ ჩვენი გარემოსდაცვითი განათლება და ამ მიმართულებით ცნობიერება არ გაიზარდა. დღევანდელი და მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია, რომ დავფიქრდეთ გარემოსადმი ჩვენს დამოკიდებულებაზე და ვიფიქროთ უკეთესობისკენ შეცვლაზე“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დღევანდელი ველომსვლელობა – „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ – ველოსპორტის ეროვნულ ფედერაციასთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, საქართველოს გაეროს წარმომადგნელობის მხარდაჭერით, ევროპის მობილობის კვირეულისა და კამპანია „სუფთა ჰაერისათვის“ ფარგლებში გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ, გაეროს ელჩმა, საბინე მახლიმ, შვედეთის სამეფოს ელჩმა, ულრიკ ტიდესტრომმა, სპორტსმენებმა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები