არჩილ თალაკვაძე: არის წინაპირობები, რომ შეთანხმების გზით, შევცვალოთ საარჩევნო კანონმდებლობა

„ჩვენ ვაპირებთ მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას საარჩევნო კანონმდებლობაში. წლების განმავლობაში, ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო, რომ ეს ნაბიჯები გადაედგა, იმიტომ, რომ ხელისუფლებებს ეგონათ, ამას გააკეთებდნენ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ. როცა ოპოზიციაში გადადიოდნენ, მერე ითხოვდნენ იმას, რაც მანამდე შეეძლოთ გაეკეთებინათ. ჩვენ ამ ცვლილებებს ვაკეთებთ ხელისუფლებაში ყოფნის დროს”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „იმედის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმების შესახებ ისაუბრა და კიდევ ერთხელ განმარტა იმ ძირითადი ცვლილებების არსი, რაც საარჩევნო კანონმდებლობაში შედის. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „ქართული ოცნების” მიერ საზოგადოების მოთხოვნის გათვალისწინების შედეგად, 2020 წელს პროპორციული არჩევნების ჩატარების შესახებ მიღებული დემოკრატიული გადაწყვეტილება კიდევ უფრო გახსნის პოლიტიკურ სისტემას და პოლიტიკურ პარტიებს საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართვის მეტ შანსებს მისცემს.

„ეს მოგვცემს ნაკლებ დესტაბილიზაციას გარეთ და პარლამენტის შიგნით მეტ, უფრო აქტიურ პოლიტიკურ პროცესს. ჯერჯერობით კონსულტაციები კარგად მიდის, მათში 70-ზე მეტი მონაწილეა ჩართული. არის წინაპირობები, რომ შეთანხმებები შედგეს და მართლაც შეთანხმების გზით შევცვალოთ საარჩევნო კანონმდებლობა. ეს არის უდავოდ ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნისთვის. ჩვენ მივიღეთ დემოკრატიული გადაწყვეტილებები და გვაქვს პოლიტიკური ნება, რომ ეს გადაწყვეტილებები ავსახოთ კანონმდებლობაში”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ საზოგადოებრივი აზრისა და მხარეთა ფართო ჩართულობის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ არჩევნების პროპორციული წესით 2024 წელს ჩატარების არგუმენტები დღესაც არსებობს, მაგრამ უპირატესი მმართველი გუნდისთვის საზოგადოების აზრი და დაკვეთაა.

„დემოკრატიაში მთავარი არის ხალხის აზრი. ჩვენ ვენდობით ჩვენს ამომრჩეველს, ვენდობით მოქალაქეებს. რა არჩევანსაც ისინი გააკეთებენ, ჩვენ ამ არჩევანს პატივს ვცემთ”,- აღნიშნა მან.

არჩილ თალაკვაძემ პარტიების დაფინანსების წესთან დაკავშირებული ცვლილებები და მთავარი პრინციპებიც განმარტა.

„ძალიან პრინციპულ ცვლილებას ვთავაზობთ ოპოზიციას და ისინიც ეთანხმებიან ამ ცვლილებებს: შემოგვაქვს სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს პროპორციულ დაფინანსებას – ვინც რამდენ ხმას აიღებს არჩევნებში, იმის მიხედვით ექნება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება, ამასთან, შემოგვაქვს რეგრესული წესიც: იმის გარდა, რომ დაფინანსება პროპორციულად განაწილდება, იმოქმედებს რეგრესული წესიც, რაც ნიშნავს, რომ პარტიებს, ვინც ნაკლები ამომრჩეველი მოიზიდა – ხმებთან შედარებით მეტი დაფინანსება გამოეყოფა. ამ პრინციპით, გარკვეული წახალისება მოხდება და ახალ პარტიებსაც მიეცემათ საშუალება, რომ იმუშაონ და გაძლიერდნენ. თუ დიდი წარმატებული პარტია მიიღებს ყოველთვის უფრო მეტ დაფინანსებას, მომავალში კონკურენცია ვერ იქნება სამართლიანი. ამიტომ ჩვენ ამ პრინციპსაც ვითვალისწინებთ”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები