არჩილ თალაკვაძე: წესების დაცვით მოვიდა ეს 20 კანდიდატი პარლამენტში და ახლა პარლამენტი თავის სიტყვას იტყვის და გადაწყვეტილებას მიიღებს

0

„მოდით, სასამართლოს შევხედოთ ასე – სად ვიყავით, სად ვართ დღეს და სად გვინდა, რომ ვიყოთ ხვალ. ვიყავით იქ, როდესაც არანაირი წესები არ არსებობდა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დამტკიცების შესახებ. პრეზიდენტი წარმოადგენდა და პარლამენტი უდასტურებდა. პრაქტიკულად, შემთხვევა არ ყოფილა, რომ პარლამენტს რომელიმე კანდიდატურა უკან დაებრუნებინოს ან ჩაეგდოს. რეგულაციები გაწერილი არ იყო, დღეს კანონი არის. წესები არ იყო, დღეს წესები არის. ამ წესების დაცვით მოვიდა ეს 20 კანდიდატი პარლამენტში და ახლა უკვე პარლამენტზე არის სიტყვა და პარლამენტი თავის სიტყვას იტყვის და გადაწყვეტილებას მიიღებს”,-  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის” პირდაპირ ეთერში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურების საპარლამენტო განხილვასთან დაკავშირებით განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სასამართლო დღეს არის ბევრად დამოუკიდებელი, მოქალაქეებს დღეს აქვთ ბევრად მეტი შესაძლებლობა, რომ თავისი სიმართლე ამ სასამართლოში დაამტკიცონ და ამას არაერთი გახმაურებული საქმე ადასტურებს – სტრასბურგის გადაწყვეტილებაც ვნახეთ. მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიღების ბალანსი იმ შემთხვევებში, სადაც სახელმწიფო მოქალაქესთან დავობს, აწეულია მოქალაქეების სასარგებლოდ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტში უკვე შემოსულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლე-კანდიდატთა სია და ორშაბათს საკომიტეტო განხილვა იწყება. არჩილ თალაკვაძის თქმით, ეს იქნება ღია, დემოკრატიული პროცესი და ყველა კითხვა, რომელიც ობიექტურად არსებობს, დაისმება ნებისმიერ კანდიდატთან მიმართებაში.

„ამ განხილვებს საზოგადოება ადევნებს თვალს პირდაპირ ეთერში. ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება, ომბუდსმენი – ყველა დაინტერესებული მხარე, სვამს კითხვებს, ნებისმიერს, მათ შორის, ყველაზე არაკომფორტულსაც. ამაზე პასუხებს ხედავს საზოგადოება, ხედავენ დეპუტატები და შემდეგ იქნება ინდივიდუალური კენჭისყრა, რაც ნიშნავს, რომ ყველა კანდიდატს პარლამენტი უყრის კენჭს ინდივიდუალურად, ღია კენჭისყრით და საზოგადოება ნახავს, ვინ ვის დაუჭირა მხარი. ვის აირჩევს პარლამენტი, ამაზე ავიღებთ ჩვენ, პარლამენტარები პასუხისმგებლობას”, -განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძემ იმ კრიტერიუმებზეც ისაუბრა, რომლითაც გადაწყვეტილების მიღებისას, პირადად იხელმძღვანელებს.

„რაც შეეხება მე, რითაც ვიხელმძღვანელებ, პირველი, ეს არის პროფესიონალიზმი, მეორე, ეს არის დამოუკიდებლობა და მესამე, ეს არის პრინციპულობა. პრინციპულობა არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ რასაც ეთანხმება საზოგადოება ან რაც მოეწონება ყველას, მარტო ის გააკეთო. პრინციპულობა ნიშნავს იმასაც, რომ როდესაც გარკვეული აზრი უკვე შექმნილია, მაგრამ შენ თვლი და კანონი გეუბნება, რომ ეს რეალურად სხვანაირად შეიძლება იყოს, სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღო. ეს არის შინაგანი რწმენის ამბავი. განწყობებით არ უნდა იხელმძღვანელოს მოსამართლემ, მან უნდა იხელმძღვანელოს კანონით, თავის შინაგანი რწმენით და უნდა მიიღოს პრინციპული გადაწყვეტილებები. მე ამას მივაქცევდი ყურადღებას”,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​

კომენტარები

კომენტარი