არჩილ თალაკვაძე: ჩვენი პოლიტიკური გუნდი ორიენტირებულია მომავალზე

„პირადად ვარ ბევრ ისეთ ოჯახში ნამყოფი, სადაც რჩება სიღარიბე, სადაც რჩებიან ბავშვები, რომელთაც არ აქვთ საშუალება, რომ ელემენტარული პირობები ჰქონდეთ, სადაც რჩება დასაქმების პრობლემა და სადაც ადამიანები კომუნალურ გადასახადებსაც ზოგჯერ ვერ იხდიან, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ და ჩვენთვის არის მთავარი ხვალინდელი დღე. ჩვენი გუნდი მთლიანად არის ორიენტირებული მომავალზე”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „ იმედის” ეთერში განაცხადა.

ქვეყანაში არსებულ სოციალურ პრობლემებზე და შესაბამისი კვლევების შედეგებზე საუბრისას, არჩილ თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებობს ობიექტური და ტენდენციური კვლევები, რომელთა ნაწილსაც არც ხელისუფლება და არც საზოგადოება არ ენდობა, თუმცა, იმისათვის, რომ სწორი პოლიტიკა დალაგდეს მომავალში, საჭიროა მოხდეს კვალიფიციური კვლევების და მისი შედეგების გათვალისწინება.

„ვინც ჯერ იკვლევს, მერე გეგმავს და მერე აკეთებს, ის არის მხოლოდ წარმატებული”,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ იმ პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება, რომლის გათვალისწინებითაც ხელისუფლება სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას გეგმავს.

„განათლებაში ჩვენ ვდებთ ბიუჯეტის 25 პროცენტს. არის თუ არა განათლება იმის შესაძლებლობა, რომ მოსახლეობა დასაქმდეს და სიღარიბიდან ამოვიდეს? არის. ინფრასტრუქტურაში ვხარჯავთ ყოველწლიურად 2 მილიარდზე მეტს. ეს ნიშნავს, რომ ახალი სამუშაო ადგილები იქმნება და მოქალაქეებს აქვთ უფრო უკეთესი ინფრასტრუქტურა, გაზიფიკაცია, წყლის სისტემები. ეს ნიშნავს, რომ მოდის მეტი ტურისტი, მეტი ტვირთები და მეტი ეკონომიკა. ეს არის ის, რაც სიღარიბეს ამცირებს. გადასახადები შევამცირეთ მცირე და საშუალო ბიზნესზე, პრაქტიკულად, ერთ პროცენტზე დავიყვანეთ. ეს ნიშნავს, რომ ის ფული, რასაც იხდიდნენ ბიუჯეტში, დარჩებათ, რომ ბიზნესი გააფართოონ, მეტი ადამიანი დაასაქმონ და მეტი შემოსავალი ნახონ. მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ მოქალაქეზე არის 4 ათას დოლარზე ცოტა მეტი, სანამ ეს არ გახდება 10 ათასი დოლარი ერთ სულ მოსახლეზე, ერთ ადამიანზე, ჩვენ მოგვიწევს მუხლჩაუხრელი შრომა”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები