ვინ არის ერთადერთი მეწარმე დასავლეთ საქართველოში, რომელიც სამკურნალო ჩაის აწარმოებს

ტყიბულის რაიონის სოფელ ორპირის მკვიდრი ომარ გაბადაძე  “კვირას”  უყვება, რომ  ჩაი “სტევიას” ნერგი წლების წინ, ნათლიამ აჩუქა. მისი თქმით, ჩაის ბევრი სამკურნალო თვისება აქვს.

“ეს არის საუკეთესო ამერიკული ჯიში, რომელიც აღმოჩენილია რუსი მეცნიერის, სტევენის მიერ. განსაკუთრებით დიდ ყურადღებას ვუთმობდი მის გაშენებასა და მოვლას. შესწავლის შემდეგ, მისი გადამუშავება დავიწყე, შემდეგ მივმართე “საქპატენტს”, რომ ამეღო პატენტი. “საქპატენტმა” “სტევიას” ყველა სასიკეთო თვისება დაადასტურა, უარყოფითი მას არ გააჩნია. ჩაი სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის, განსაკუთრებით დიაბეტით დაავადებულთათვის, რადგან არ შეიცავს გლუკოზას. გარდა ამისა, სასარგებლოა ღვიძლისა და ნაღვლისთვისაც, ასევე შეიცავს A,B,C და E ვიტამინებს”,- ამბობს ომარ გაბადაძე.

ინდმეწარმე სინანულით აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ ფინანსური პრობლემების გამო, ვერ ახერხებს წარმოების გაფართოებას, თუმცა მას 2015 წელს დაფინანსება სამი ათასი ლარის ოდენობით, პროექტის – “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში აქვს მიღებული. მეწარმე აღნიშნავს, რომ ეს თანხა წარმოების გაფართოებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ომარ გაბადაძე ამბობს, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ნარგავების გადახურვა ესაჭიროება, რადგან წინა დაფინანსების დროს მიცემული გადასაფარი დაზიანდა.

 

მეწარმეს ასევე არ აქვს ტექნოლოგიური უზრუნველყოფა, შესაბამისად, პროდუქციას სახლში, კუსტარულად ამზადებს. დამზადებულ ჩაის აფთიაქებში აბარებს. მეწარმე ერთადერთ კონკურენტად ამერიკიდან შემოტანილ “სტევიას”ასახელებს, რომელიც ქარხნულად მაღალ დონეზეა დამზადებული.

რაც შეეხება გასაღების ბაზარს, ომარ გაბადაძე აღნიშნავს, რომ წლიურად, დაახლოებით ათი ათასი ლარის წარმოებას ახერხებს, მაგრამ ბოლო ორი წელია, ჩაის ნარგავები ფაროსანამ დაუზიანა და პროდუქციამაც იკლო. ​

მეწარმე ტყიბულიდან ახალი დაფინანსების მოლოდინშია, მანამდე კი არსებულის მოვლას ჩვეული მოტივაციით განაგრძობს.

 

 

ლიკა კაკუშაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები