პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დღეს მედიას ის გამოწვევები და საკითხები გააცნო, რაზეც პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე იმუშავებს. როგორც მან აღნიშნა, დასახელებულ 10 გამოწვევას შორის ერთ-ერთი სასამართლო რეფორმაა. მისივე თქმით, საშემოდგომო სესიის ფარგლებში, სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა განხორციელდება.
„მნიშვნელოვანი თემა არის სასამართლოს რეფორმა. დამოუკიდებელი სასამართლო, სანდო მართლმსაჯულება ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, საშემოდგომო სესიის ფარგლებში, ჩვენ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღას განვახორციელებთ, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი თემები შედის. ეს არის იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა, სასამართლოებში მოსამართლეების დანიშვნის წესი და პროცესი, ამის უკეთ ორგანიზება, უკეთ დარეგულირება, დისციპლინური სამართალწარმოება და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანგარიშვალდებულების საკითხები.
ბუნებრივია, ორშაბათიდან უკვე ვიწყებთ მოსამართლეთა კანდიდატურების განხილვას. უზრუნველვყოფთ მაქსიმალურად გამჭვირვალე, დემოკრატიულ პროცესს. ყველა მოქალაქეს ექნება საშუალება, თვალი ადევნოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს და იმ გადაწყვეტილებებს, რასაც პარლამენტი ამ საკითხთან დაკავშირებით მიიღებს“, – აღნიშნა თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საშემოდგომო სესიისთვის პარლამენტი ყურადღებას რამდენიმე ძირითად საკითხს დაუთმობს, ესენია : საარჩევნო რეფორმა; სასამართლოს რეფორმა; ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია; საპარლამენტო ზედამხედველობა; 2020 წლის ბიუჯეტი; ტერიტორიული მთლიანობის საკითხები და ანტისაოკუპაციო პოლიტიკა; გარემო და ეკოლოგია; ბავშვის უფლებები; ბიზნესის მხარდაჭერა; სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა.