“მამამ შეამჩნია კომპიუტერზე დამოკიდებულება და ოთახში ჩაუკეტა” – გახდა თუ არა თერჯოლაში 14 წლის ბიჭი “ლურჯი ვეშაპის” მსხვერპლი 

0

თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე “კვირამ” ახალი დეტალები გაარკვია. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, 14 წლის მოზარდი, რომელმაც თავი სავარაუდოდ, საკუთარი სახლის ეზოში ჩამოიხრჩო, “ლურჯ ვეშაპს” თამაშობდა.
“კვირას” წყარომ უთხრა, რომ ბოლო პერიოდში მოზარდის მამამ მისი შვილის კომპიუტერზე დამოკიდებულება შეამჩნია და კომპიუტერი ოთახში ჩაუკეტა, თუმცა 14 წლის ბიჭმა თამაში ტელეფონით განაგრძო. ამასთან, წყაროს ინფორმაციითვე, მოზარდს ტრაგიკულ შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე, ზედა კიდურებზე ნაკაწრები აღენიშნებოდა.
ამასთან, პოლიციამ მოზარდის კუთვნილი კომპიუტერი და ტელეფონი შემდეგი საგამოძიებო პროცედურებისთვის წაიღო და როგორც ოჯახის ახლობელმა “კვირას” განუცხადა, სამართალდამცველებმა გარდაცვლილი არასრულწლოვანის ტელეფონში თამაშთან დაკავშირებით მოკლეტექსტური შეტყობინებები იპოვეს.

შეგახსენებთ, რომ თერჯოლის რაიონში, სოფელ ჭოგნარში არასრულწლოვანმა, სავარაუდოდ, თავი ჩამოიხრჩო. 14 წლის მოზარდი საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში გარდაცვლილი, ბებიამ და ბაბუამ იპოვეს.
ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ გარდაცვლილის ოჯახს სოციალური პრობლემები არ ჰქონია და მომხდარი მათთვის მოულოდნელი იყო.
“კვირა” სოფელ ჭოგნარის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელსაც დაუკავშირდა. ნესტან სვინტრაძე ამბობს, რომ გარდაცვლილი მოწესრიგებული მოზარდი იყო და რა გახდა სავარაუდო სუიციდის მიზეზი, მისთვის ამ ეტაპზე უცნობია.
“სანიმუშო ოჯახია. ლუკა მშობლებისთვის ერთადერთი შვილი იყო, ძალიან მოწესრიგებული და კარგი ბავშვი. გარდაცვალების მიზეზი არ ვიცი, რა შეიძლება იყოს, გაკვირვებული ვარ”,- განაცხადა ნესტან სვინტრაძემ.
შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

​ცნობისთვის, თამაში „ლურჯი ვეშაპი” გავრცელებულია რუსეთში, დიდ ბრიტანეთსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. თამაშის პრინციპის თანახმად, მოთამაშე ე.წ. კურატორისგან ეტაპობრივად იღებს რამდენიმე ათეულ, სხვადასხვა შინაარსის დავალებას, რომლებიც შეიძლება შეიცავდეს თვითდაზიანების მიყენების მოწოდებასაც. თამაშის დასასრულს მოთამაშეს ე.წ. კურატორი აძლევს უკანასკნელ დავალებას, სადაც ის პირდაპირ მოუწოდებს მოზარდს თვითმკვლელობისკენ, რაც ხშირ შემთხვევაში მოთამაშის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით, ან ფატალური შედეგითაც კი მთავრდება.

კომენტარები

კომენტარი