“ადეკვატური მონეტარული პოლიტიკა, მკაცრი საბანკო ზედამხედველობა და გამართული დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ქვეყნის ფინანსური მდგრადობის მთავარი პირობაა”

0

“ფიზიკური პირების დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევის ზღვრის გაზრდა 15 000 ლარამდე საქართველოს საფინანსო სექტორის სტაბილურობისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, – განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ.

დეპოზიტების დაზღვევის სისტემა საქართველოში 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა და თავდაპირველად, ფიზიკური პირების 5000 ლარამდე მოცულობის დეპოზიტების დაზღვევას ითვალისწინებდა. ახალი გადაწყვეტილებით, 2020 წლის 1 ივლისიდან დაზღვეული ანაბრების თანხის ოდენობა 3-ჯერ გაიზრდება და 15 000 ლარს მიაღწევს.
“დეპოზიტების დაზღვევის სისტემა რომ შექმნილიყო, შესაბამისი პროექტი ჩემ მიერ ჯერ კიდევ 2007 წელს მომზადდა და ინიცირებული იქნა. ამისათვის ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან საგარანტიო ფონდისათვის 4 მილიონი ევროც კი მოვიზიდეთ. თუმცა, მაშინ ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო ეს ინიციატივა, სამწუხაროდ, ვერ განხორციელდა“, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

მისი თქმით, შედეგად, ბოლო წლებამდე აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველო, თითქმის, ერთადერთი ქვეყანა იყო, სადაც დეპოზიტების დაზღვევის სისტემა არ ფუნქციონირებდა. „ამ საკითხის მოგვარება მხოლოდ დღევანდელი პარლამენტისა და ხელისუფლების პირობებში გახდა შესაძლებელი“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
კომიტეტის თავმჯდომარე გამოეხმაურა კიდევ ერთ ცვლილებას, რომლის მიხედვით, 2020 წლის 1 ივლისიდან კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულ დეპოზიტებზე გადასახდელის მოცულობა მცირდება 0.067%-დან 0.03%-მდე, ხოლო უცხოურ ვალუტაზე შენატანის განაკვეთი (0.1%) – უცვლელი რჩება.

“მთლიანობაში, ეს ცვლილებები რამოდენიმე მიზანს ემსახურება, ესენია: საბანკო სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება, ფინანსური სექტორის სტაბილურობა და ლარიზაციის პროცესის შემდგომი სტიმულირება. მიმაჩნია, რომ ადეკვატური მონეტარული პოლიტიკა, მკაცრი საბანკო ზედამხედველობა და გამართული დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ქვეყნის ფინანსური მდგრადობის მთავარი პირობაა“, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

კომენტარები

კომენტარი