,,კვირას” ვიდეოინტერვიუს შემდეგ, ხაზარაძის ფონდი გივი რაზმაძეს კოტეჯს გადასცემს

საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლი, გუგუტიანთკარელი გივი რაზმაძე დაპირებულ კოტეჯს მიიღებს. იმ კოტეჯს, რომელსაც მამუკა ხაზარაძე თვე-ნახევრის წინ, 16 აგვისტოს, დაპირდა. თუმცა, მას შემდეგ, არავინ დაკავშირებია.
​აღსანიშნავია, რომ რაზმაძესთვის დაპირებული კოტეჯის გადაცემა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც გუშინ “კვირამ” ექსკლუზიური ვიდეოინტერვიუ გაავრცელა, სადაც რამზაძე ყვება, რომ კოტეჯის შესახებ მასთან თვე-ნახევრის განმავლობაში არავის დაურეკავს.

დღეს აღნიშნული კოტეჯის შესახებ ბიზნესმენმა, მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელი წერს, რომ რაზმაძეების ოჯახისთვის შეპირებული კოტეჯი მზადაა და ნებისმიერ დროს შეუძლიათ მითითებულ მისამართზე გაგზავნა.

“საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ ამა წლის 16 აგვისტოს სოფელ გუგუტიანთკარში, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ გამყოფი ხაზის გადმოწევის შედეგად, ადგილობრივი მაცხოვრებლის, გივი რაზმაძის, სახლი მოყვა მავთულხლართების მეორე მხარეს.
მე და ჩემი მეგობრები ამ შემთხვევიდან რამდენიმე საათში დავუკავშირდით ბატონ გივის და პირობა მივეცით, რომ ზუსტად ერთი თვის თავზე საცხოვრებელი სახლი მზად იქნებოდა და მას გადაეცემოდა საჩუქრად.
რამდენჯერმე გვქონდა კომუნიკაცია რაზმაძეების ოჯახთან. სახლი მზად არის და შეგვიძლია, ნებისმიერ დროს გავაგზავნოთ მითითებულ მისამართზე”,– წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

როგორც ხაზარაძე აცხადებს, რაზმაძეების ოჯახთან ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში რამდენჯერმე ჰქონდათ კომუნიკაცია, რაც როგორც აღვნიშნეთ, გუშინ “კვირას” მიერ ჩაწერილ ვიდეოინტერვიუში გივი რაზმაძემ უარყო.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სტატიის გამოქვეყნებამდე, ჯერ კიდევ გუშინ, “კვირა” საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” პრესსპიკერ ანა ნაცვლიშვილს რამდენიმეჯერ დაუკავშირდა. ნაცვლიშვილი ამბობდა, რომ საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლ ოჯახთან სისტემატური კავშირი ჰქონდათ და რომ რაზმაძეებისთვის სახლი უკვე აშენებული იყო.

კოტეჯის მიღებასთან დაკავშირებული ფაქტი გივი რაზმაძემ დღეს დაგვიდასტურა.
“2 საათის წინ დამირეკა ვიღაც გოგონამ მამუკა ხაზარაძის სახელით, ხის კოტეჯი მზად გვაქვს, როდის ჩამოგიტანოთო. შეიძლება, ხვალაც ჩამოგიტანოთო. ჩამომიტანეთ- მეთქი. აბა მე სოფელში ნაკვეთი არ მაქვს და გორში დავდგამ იმ ხის სახლს დროებით. იქნებ მთავრობამაც მომცეს მიწა და მერე იქ გადავიტან”,– თქვა გივი რაზმაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები