ბათუმში “ვარდების სკვერში” საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

0

ბათუმში “ვარდების სკვერში” საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები “რივიერაზე” ცათამბჯენების მშენებლობას აპროტესტებენ.

“გაეროს კვლევაში პირდაპირაა ნათქვამი, რომ ბათუმის კონცხად წოდებულ რივიერაზე მრავალსართულიანი განაშენიანება დაუშვებელია, იმიტომ რომ აქ არსებული კანიონი ამას ვერ გაუძლებს”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა სალომე ცეცხლაძემ. როგორც მან აღნიშნა, აქციის მონაწილეების მთავრი მოთხოვნაა, რომ ამ ბაღში მშენებლობის ნებართვა არ გაიცეს. ​

“მოვითხოვთ, არ გაიცეს მშენებლობის ნებართვა და ერთადერთი ღია სივრცე, რომლითაც ბათუმი ჯერ კიდევ ინარჩუნებს თავის ზღვისპირა ქალაქის იდენტობას, ხოლო ჩვენ, ბათუმელებს, გვაქვს შემორჩენილი ერთადერთი ღია სივრცე ზღვაზე გადასასვლელი შეუნარჩუნდეს ქალაქს. რივიერას ჩაბეტონებით ბათუმს საბოლოოდ ამოქოლავენ ბეტონის კედლით. საკმარისია ის კედელი რაც ქალაქსა და ზღვას შორისაა აღმართული. ჯერ კიდევ არ არის გვიან ძველ ბათუმს შევუნარჩუნოთ სანაპირო. ჯერ კიდევ რივიერას გახსნილი სივრციდან ზღვის ჰაერი მთისას უკავშირდება და ქალაქი ნიავდება, ჩვენ კი ვსუნთქავთ. მოვითხოვთ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაითვალისწინოს მეცნიერების კვლევები, რომლებიც საფრთხეებზე მიუთითებენ და ეკოლოგიურ კატასტროფაზე საუბრობენ. გაეროს კვლევაში პირდაპირაა ნათქვამი, რომ ბათუმის კონცხად წოდებულ რივიერაზე მრავალსართულიანი განაშენიანება დაუშვებელია, იმიტომ რომ აქ არსებული კანიონი ამას ვერ გაუძლებს. ქართველი სპეციალისტები ერთხმად ეუბნებიან ხელისუფლებას, რომ რივიერა ისტორიული ბათუმის განუყოფელი ნაწილია და მისი განაშენიანება მხოლოდ ძველ ბათუმთან შესაბამისად და მკაცრად კანონმდებლობის დაცვით უნდა მოხდეს. ჩვენ, მოქალაქეები ვეუბნებით არას ცათამბჯენებს ძველ ბათუმში”, – განაცხადა სალომე ცეცხლაძემ. შეგახსენებთ, რომ ბათუმის საკრებულომ 16 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ბათუმის მერიას დაევალა, დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება რივიერას ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი