“სამშობლოში ცოდნითა და ახალი იდეებით დავბრუნდები” – ახალციხელი გოგონები სასწავლებლად ლიეტუვაში მიიწვიეს

0

სოფიო ტაბატაძე და თამთა პეტაშვილი ახალციხის #5 საჯარო სკოლაში ერთ კლასში სწავლობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთს კარგად იცნობდნენ და მთელი ბავშობა ერთად გაატარეს, ვერასდროს წარმოიდგენდენ, რომ სასწავლებლად საზღვარგარეთ ერთად წავიდოდნენ. დღეს ისინი მაგისტრატურაზე ვილნიუსში, სრული დაფინანსებით სწავლობენ და ყოველთვიურ სტიპენდიას, 380 ევროს იღებენ.

სკოლის დასრულების შემდეგ, კლასელები ახალციხიდან დედაქალაქში გადავიდნენ სასწავლებლად. 2016 წელს სოფიომ 70%-იანი გრანტით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობაზე ჩააბარა. თამთამ კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორის ურთიერთობების ფაკულტეტზე, სამართლის მიმართულებით.

“ძალიან ნაყოფიერი და აქტიური 4 წელი მქონდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლისას, ჩემი ფაკულტეტის დახმარებით მქონდა შესაძლებლობა თეორიულ ცოდნასთან ერთად მიმეღო მრავალფეროვანი პრაქტიკული გამოცდილებაც და მონაწილეობა მიმეღო სხვადასხვა საერთაშორისო კომფერენციებში, კვლევებში, ვორკშოპებში“,- ამბობს თამთა.

ყველაფერი ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრით დაიწყო. პირველ კურსზე სოფომ ამ ცენტრის არსებობაზე გაიგო, მოგვიანებით, ამის შესახებ თავის მეგობარს, თამთას მოუყვა. სიახლეების აღმოჩენის მიზნით, ისინი ყოყმანის გარეშე დარეგისტრირდნენ ლიეტუვური ენის შესასწავლ კურსებზე. გოგონების ინფორმაციით, აქ მოხვედრის ერთადერთი კრიტერიუმი მონდომება და მოტივაცია იყო, რაც პირველ კურსზე ნამდვილად უხვად ჰქონდათ.

“ნათელი იყო, რომ აღნიშნული ცენტრი უამრავ შესაძლებლობას სთავაზობდა ქართველ სტუდენტებს მიეღოთ სრულყოფილი განათლება ევროპის ერთ-ერთ წარმატებულ და განვითარებულ ქვეყანაში, თანაც სრულიად უფასოდ“,- ამბობს სოფიო.

გოგოების თქმით, ამ ენის შესასწავლად ერთ-ერთი  მიზეზი ისიც იყო, რომ ლიტვური ენა, მსოფლიოს ათ უძველეს ენებს შორისაა, ქართულ ენასთან ერთად. ამიტომ გოგონებმა უცხოური ენა C1 დონეზე შეისწავლეს.
ენის პროფესიულად დაუფლების შემდეგ გოგონებს პერიოდულად, სხვადასხვა გამოწვევებიც შეხვდათ, რომელსაც წარმატებით უმკლავდებოდნენ. მაგრამ იმ პედრიოდში ერთი რამ ზუსტად იცოდნენ, რომ სწავლის გაგრძელება მაგისტრადურაზე სწორედ ლიეტუვაში უნდოდათ.
სოფიოს ნათარგმნი აქვს ლიეტუვური პიესები, როგორც ლიეტუვურიდან ქართულად, ასევე პირიქით. ის ლიეტუვის საელჩოს ოფიციალური თარჯიმანიც იყო მნიშვნელოვან ღონისძიებებზე და დღეს ის ლიეტუვურ კომპანიაში მუშაობს.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სწავლა როგორც ვიტაუტას მაგნუსის, ისე ვილნიუსის უნივერსიტეტში 4000 ევრომდე ღირს, თუმცა გოგონები სრულიად უფასოდ ლიეტუვის რესპუბლიკის განათლების და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით ისწავლიან. როგორც ისინი ამბობენ, დაფინანსების მოსაპოვებლად საკმაოდ რთული ეტაპები გაიარეს რის გამოც ბევრი ღამის თენება და ნერვიულობა მოუწიათ, თუმცა საბოლოოდ, დასახულ მიზანს მაინც მიაღწიეს.
“დაახლოებით ორი კვირაა, რაც ჩამოვედი ლიეტუვაში და სწავლის უღელში ჩავები, თუმცა უკვე ნათელია, რომ საკმაოდ საინტერესო, მრავალფეროვანი და ამავდროულად რთული პერიოდი მელოდება წინ.მაგისტრატურაზე სწავლის პერიოდში მინდა ვიყო ძალიან აქტიური და მაქსიმალურად გამოვიყენო ყველა შესაძლებლობა საკუთარი თავის განსავითარებლად და პრაქტიკის მისაღებად, ვაპირებ 3 თვიანი სტაჟირების გავლას საქართველოს საელჩოში ლიეტუვაში, რაც, ვფიქრობ, როგორც მომავალ დიპლომატს, დიდ გამოცდილებას შემძენს, მიღებული გამოცდილება, ცოდნა და ენერგია კი, რა თქმა უნდა, მსურს ჩემს ქვეყანას მოვახმარო. რთული იქნება საქართველოსგან მოშორებით ცხოვრება, თუმცა უზომოდ სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ლიეტუვაშითავს უცხოდ არ ვგრძნობ, რადგან ამ ქვეყანამ უკვე დიდი ხანია უსაზღვრო სითბოთი და სიყვარულით მიმიღო“,- აღნიშნავს სოფიო.

თამთამ ვილნიუსის უნივერსიტეტშისწავლა 2 სექტემბერს დაიწყო და მისი სამაგისტრო პროგრამა წელიწადნახევარი გრძელდება.
“სწავლის დასრულების შემდეგ რათქმაუნდა ვაპირებ საქართველოში დაბრუნებას, რადგან კარიერის თვალსაზრისითაც ჩემი ყველა გეგმა საქართველოს უკავშირდება. იმედი მაქვს, რომ ნაყოფიერ, ცოდნითა და ახალი, საინტერესო გამოწვევებით აღსავსე წელიწადნახევარს გავატარებ ლიეტუვაში და სამშოვლოში ცოდნითა და ახალი იდეებით დავბრუნდები“,- ჰყვება თამთა.

„კვირას“ საშუალებით გოგონებს სურთ თითოეულ სტუდენტს მოუწოდონ იყვნენ მაქსიმალურად აქტიურები, არ შეუშინდნენ სირთულეებს, დაბრკოლებების მიუხედავად, მაინც არ დაკარგონ მოტივაცია და გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა, რაც კი მიეცემათ.

 

მედეა ლომიძე

კომენტარები

კომენტარი