ოზურგეთში უფასო იურიდიული დახმარების სამსახურის ბიურო გაიხსნა

0

გურიის მოსახლეობა უფასო იურიდიულ მომსახურებას იურიდიული დახმარების სამსახურის ახლადგახსნილს ბიუროში მიიღებს.  ბიუროს თანამშრომლები ადგილობრივებს იურიდიულ დახმარებას გაუწევენ, ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე, დაეხმარებიან დოკუმენტაციის შედგენაში, იქნება საადვოკატო მომსახურება და წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოში – კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ბიუროს გახსნის ცერემონიაზე შეკრებილებს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, რაჟდენ კუპრაშვილმა, ოზურგეთის ბიუროს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, იამზე მემარნიშვილი წარუდგინა. საკონსულტაციო ცენტრის გახსნის საზეიმო ცერემონიას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები.

საზეიმო გახსნის ცერემონიაზე ადგილობრივი ანსამბლები წარსდგნენ, ანსამბლი „შვიდკაცა“ და ჯუმბერ დუნდუას სახელობის სახელმწიფო ანსამბლი „გურია“ და „რეხეული“ მაყურებლის კარგ განწყობაზე ზრუნავდა. იურიდიული დახმარების სამსახური უფასო სამართლებრივი დახმარების გამწევი სახელმწიფო ორგანიზაციაა. იურიდიული კონსულტაცია ხელმისაწვდომია ყველა პირისთვის, ხოლო გადახდისუუნარო პირებისთვის ხორციელდება სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა და საადვოკატო მომსახურების გაწევა სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში.

ქვეყნის მასშტაბით იურიდიული დახმარების სამსახურის 13 ბიურო და 10 საკონსულტაციო ცენტრი მოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი