ნიკოლოზ დობორჯგინიძე: ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტით საქართველო გაჩნდება მსოფლიო განათლების რუკაზე

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტით საქართველო გაჩნდება მსოფლიო განათლების რუკაზე, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩეველმა ტექნოლოგიურ საკითხებში ნიკოლოზ დობორჯგინიძემ განაცხადა.

„ასეთი მასშტაბური პროექტი ჯერ საქართველოში არ ყოფილა. რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, მიუნხენის უნივერსიტეტთან არის დაკავშირებული, მასთან ითანამშრომლებს, ანუ ექსპერტიზა შემოვა და შეცდომები არ იქნება დაშვებული. ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტით საქართველო გაჩნდება მსოფლიო განათლების რუკაზე. პროექტი დაიწყება ტექნოლოგიური კურსებით ანუ ტექნოლოგიებში იქნება პირველ ეტაპზე განათლების მიღება შესაძლებელი, შემდეგ დაემატება სხვა მიმართულებები. პროექტი მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი, ისე უცხო ქვეყნის სტუდენტებისთვის, ასევე ხელშემწობი ფაქტორია უნივერსიტეტის მდებარეობა ქუთაისის აეროპორტთან, რომელსაც იაფფასიანი ფრენები აქვს ევროპაში. აღსანიშნავია ისიც, რომ ამხელა ინვესტიცია იდება ინფრასტრუქტურაში და დასაქმდება ბევრი ადამიანი“, – განაცხადა ნიკოლოზ დობორჯგინიძემ.

ცნობისთვის, ფონდმა „ქართუმ“ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ახალი საგანმანათლებლო სივრცის პრეზენტაცია გამართა.

ქუთაისისთვის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსების იდეა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. პროექტს, რომლის პრეზენტაცია 2016 წლის 8 სექტემბერს გაიმართა, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ სრულად აფინანსებს და მისი სავარაუდო ბიუჯეტი 1 მილიარდი ევროა.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ახალი სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველად ფუძნდება. საგანმანათლებლო სივრცე სტუდენტების პირველი ნაკადის მისაღებად 2020 წლის სექტემბერში იქნება მზად.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოდელი შემუშავებულია მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით. უნივერსიტეტი თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილი საგანმანათლებლო სივრცე იქნება, რომელიც ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

ახალ საგანმანათლებლო სივრცეში ქართველი და უცხოელი აკადემიური პერსონალი იმუშავებს. უნივერსიტეტი უკვე აქტიურად თანამშრომლობს სამეცნიერო დარგში მსოფლიოს წამყვან სასწავლო და სამეცნიერო ცენტრებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები