ექიმის გულგრილობა თუ არაკვალიფიციური კადრები – რა გახდა 19 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზი

რუსთავში გარდაცვლილი 19 წლის გოგონას ცხედარი სენაკში საკუთარ საცხოვრებელ სახლში გადმოასვენეს. გარდაცვლილი გოგონას მამიდის, ნანა სალაყაიას განცხადებით, გოგონას ცხვირის ძგიდის ოპერაცია რუსთავის კლინიკაში, გუშინ უნდა გაეკეთებინა. ანესთეზიის გაკეთების შემდეგ, პაციენტი შეუძლოდ გახდა და მისი გადარჩენა, ვერ მოხერხდა. შედეგად ღამის 12 საათზე გოგონას ბიოლოგიური სიკვდილი დაფიქსირდა.
რუსთავში მომხდარი ტრაგედიის მიზეზად, ოჯახის წევრები ექიმების დაუდევრობას ასახელებენ და მათი განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე ობიექტური გამოძიების მიზნით, საგამოძიებო უწყებასაც მიმართავენ.
გარდაცვლილი გოგონას ბებიის თქმით, ანესთეზიის გაკეთებამდე სინჯის აღების დროს გოგონას ხელი შეუწითლდა და ანესთეზიის დროს გამოყენებულ მედიკამენტზე ალერგია გამოუვლინდა. მისივე თქმით, ექიმმა და ანესთეზიოლოგმა ეს ფაქტი უგულებელყვეს, რის გამოც ფატალური შედეგი დადგა.
“ოპერაცია არც იყო დაწყებული ნარკოზი რომ გაუკეთეს და ზედმეტი დოზით იქნა მიცემული. სინჯი რომ გაუკეთდა გაუწითლდა ბავშვს. არაფერი არ უჭირს ბავშვს ამაზე, ჩვეულებრივ გაგრძელდება ოპერაციაო. შეიყვანეს საოპერაციოში. ექიმის უცოდინრობით მოხდა ეს ყველაფერი. ბავშვს სიწითლე ჰქონდა და გადავრჩებიო, ექიმს ჰკითხა და იმ ექიმმა როგორ უნდა გაუკეთოს ოპერაცია?” – ამბობს გარდაცვლილის ბებია ჟურნალისტებთან.
გარდაცვლილი 19 წლის გოგონა დასთან და ბებიასთან ერთად თბილისში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. მშობლები კი წლებია რაც რუსეთში სამუშაოდ არიან წასულები. ისინი ამაღამ ჩამოფრინდებიან,თუმცა შვილის  გარდაცვალების შესახებ ჯერ არაფერი იციან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები