ზესტაფონის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ესტონეთის ელჩს შეხვდნენ

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი გოგლიჩიძე და საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე ესტონეთის ელჩს, კაი კაარელსონს და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში, ღასან ხალილს შეხვდნენ. ხელისუფლებასთან ერთად, შეხვედრას სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მუნიციპალიტეტის მერმა ელჩს საგანმანათლებლო სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, მხარეებმა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გზებზე ისაუბრეს. როგორც ესტონეთის ელჩმა აღნიშნა, უახლოეს პერიოდში თბილისში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ესტონური სკოლის გახსნაა დაგეგმილი. ზესტაფონის მერმა წინადადებით მიმართა ელჩს, რომ სამომავლოდ ზესტაფონშიც დაიგეგმოს ესტონური სკოლის გახსნა, რაც იქნება იმის საფუძველი, რომ ესტონურ სკოლებში დანერგილი გამოცდილება, მუნიციპალიტეტის განათლების სისტემაზეც აისახოს.
ზესტაფონში ვიზიტის ფარგლებში, ესტონეთის ელჩი, კაი კაარელსონი N 6 საჯარო სკოლასაც ესტუმრა და ადგილზე იმ საგანმანათლებლო პროგრამების მიმდინარეობას გაეცნო, რომლებიც ესტონეთსა და საქართველოს პარტნიორული ურთიერთობის ფარგლებში, მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება. საქართველოს მასშტაბით 15 საპილოტე სკოლას შორის, ზესტაფონის N 6 საჯარო სკოლა ერთ – ერთია, სადაც საგანმანათლებლო პროექტი ხორციელდება.
კაი კაარელსონმა შეხვედრის დასასრულს მადლობა გადაუხადა ზესტაფონის მერს, გიორგი გოგლიჩიძეს მასპინძლობისთვის და მომავალ შეხვედრამდე დაემშვიდობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები